არის კონცერტი, რომელიც მხოლოდ იმიტომ ტარდება, რომ მუსიკოსებს უნდათ თავიანთი სათქმელი, დიალოგი თუ მონოლოგი მსმენელს გაუზიარონ.
არის მუსიკა რომელიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ იყოს ზუსტი ასახვა კომპოზიტორის სულიერი მდგომარეობისა. ამ დროს კომპოზიტორი ყველანაირ ხერხს იყენებს მხოლოდ იმისათვის, რომ ეს მდგომარეობა ზუსტად მიიტანოს მსმენელამდე.
ეს არის უკომპრომისო მუსიკოსების შემოქმედებითი ცხოვრება.
სწორედ ასეთი კონცერტი ჩატარდა დღეს 28 ოქტომბერს თბილისის კონსერვატორიის მუზეუმში. ეს იყო ხის ჩასაბერ საკრავთა დუეტი, ფლეიტა (მარგარიტა ხაკიმოვა) და კლარნეტი (დიმიტრი ბოქოლიშვილი)
ამ ორი გენიალური მუსიკოსის დუეტი მუსიკასთან ურთიერთობის სიყვარულს ნიშნავს. მეცადინეობენ ორკესტრის რეპეტიციებისგან თავისუფალ დროს და უკრავენ როგორც თავიანთი სულიერი მდგომარეობის გადასარჩენად ასევე მსმენელისთვისაც, რომელიც დღევანდელი კონცერტის შემდეგ აღფრთოვანებული დატოვეს საშემსრულებლო ტექნიკით, ანსამბლურობის საოცარი შეგრძნებით და რეპერტუარის ორიგინალობით.
რეპერტუარი ძირითადად თანამედროვე კომპოზიტორების თხზულებებისგან შედგებოდა, რაც უფრო ზუსტად ასახავს მათ სურვილს, რომ საკუთარი სულიერი მდგომარეობა უფრო ზუსტად წარმოაჩინონ მათი თანამედროვე ნაწარმოებების შესრულების გზით.
როდესაც მარგარიტამ და დიმიტრიმ გამოთქვეს სურვილი დუეტისათვის პიესა შემექმნა, უკრაინაში ომი დაიწყო. არც მიცდია ბგერებისათვის ამის დამალვა. თუმცა, დღეს შესრულების წინ მსმენელს მოკრძალებული ბოდიშივით მოვუხადე ამ მდგომარეობის ასე გაშიშვლებულად გადმოცემის გამო. ყოველთვის ვფიქრობ რომ კონცერტზე მოსულ მსმენელს გართობის შეგრძნება არ დაეკარგოს ისევე, როგორც ვფიქრობ ხოლმე, რომ ორი ფორტე არ დავწერო რომ მათ ყური არ დაეძაბოთ.
დამაფიქრა ნინო ხატიაშვილის (კონსერვატორიის მუზეუმის თანამშრომელი, მუსიკოლოგი) სიტყვებმა, რომ როდესაც ტკივილს, რომელიც შენსკენ მოდის იღებ, მასთან ერთად უფრო ძლიერი აგრძელებ ცხოვრებასო.
მარგარიტას და დიმიტრის დუეტმა საკმაოდ დიდი ინტელექტუალური, ტექნიკური და ფიზიკური ენერგია გამოავლინა უაღსერად საინტერესო დიალოგით და ფერთა პალიტრის წარმოჩინებით.
ზუსტად ვიცი, რომ მათ ყოველ შემდგომ კონცერტს მსმენელი დიდი ინტერესით დაელოდება.
პატივიეცმით
ნინო ჯანჯღავა
(ფოტოზე: ნინო ჯანჯღავა, მარგარიტა ხაკიმოვა, დიმიტრი ბოქოლიშვილი)