2022 წლის 25 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრში მუსიკალური მონოდრამის “მედეას ვნებების” თბილისური პრემიერა შედგა.
პროექტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მხარდაჭერითა და რეჟისორ ზაზა სიხარულიძის რეჟისორობით განხორციელდა. მთავარი როლის შემსრულებელი თათია თათარაშვილი გახლდათ.
ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ კონცერტის ან თეატრალური წარმოდგენის დროს მუსიკის ცოცხლად შესრულება სრულიად სხვა მუხტს იძლევა, ვიდრე წინასწარ ჩაწერილი “აუდიო ტრეკი”, მაგრამ მსგავსი სირთულისა და მასშტაბის ნაწარმოების ცოცხლად შესრულება ჩვენს რეალობაში პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ამიტომ, ცხადია მუსიკალური თანხლება წინასწარ უნდა მომზადებულიყო. ამ ჩაწერის რეალიზებაში “საავტორო სტუდიას” ლომის წვლილი მიუძღვის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მადლიერნი ვართ კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძისა, რომელმაც გვანდო მისი ნამუშევრის ჩაწერა. ვინაიდან ნაწარმოები ორკესტრის, გუნდისა და ორღანისთვისაა შექმნილი, ჩასაწერად კონსერვატორიის დიდი დარბაზი შეირჩა. ორღანისტი, ზვიად ბოლქვაძის უნიჭიერესი მეუღლე ლია ბაიდოშვილი გახლდათ; ორკესტრი საუკეთესო მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული და ყოველივე ამას აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ამშვენებდა.
კონსერვატორიის დარბაზის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების მსვლელობისას გაირკვა, რომ დარბაზი საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე დაკავებული იყო და მხოლოდ ერთი დღე – 26 მაისი იყო თავისუფალი. ჩაწერაც სწორედ ამ დღეს გადაწყდა. ვისაც კლასიკური მუსიკის ჩაწერასთან ჰქონია შეხება (განსაკუთრებით, თუკი ასეთ მასშტაბურ ჩაწერაზეა საუბარი), დამეთანხმება, რომ 50 წუთიანი ქრონომეტრაჟის აუდიო მასალის პროფესიონალურ დონეზე ჩაწერა საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დიდ დროსაც მოითხოვს. იყო დიდი რისკი, რომ ჩვენ მოცემულ ვადაში ვერ ჩავეტეოდით. დირიჟორმაც, სოლისტებმაც და ორკესტრმაც ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს და (50 წუთიანი ქრონომეტრაჟის) ნაწარმოები ერთი დღის განმავლობაში ჩაიწერა. ამას მოჰყვა სტუდიაში გატარებული არაერთი საათი ნაწარმოების მონტაჟსა და მიქსზე. საბოლოო შედეგი იმდენად კარგი გამოვიდა, რომ ნაწარმოები დისკის სახითაც გამოიცა.
დასანანი მხოლოდ ის იყო, რომ მარჯანიშვილის თეატრის გახმოვანების აპარატურამ სრულად ვერ გადმოსცა ის რეზულტატი, რაც სტუდიაში მუშაობის შედეგად დადო შემოქმედებითმა ჯგუფმა (ხმის რეჟისორმა დავით ხოსიტაშვილმა და ჩაწერის პროდიუსერმა ნინო ჯანჯღავამ). მიუხედავად ამისა, თბილისურმა პრემიერამ წარმატებით ჩაიარა.
“საავტორო სტუდია” ყოველთვის მზად არის მსგავსი გამოწვევებისთვის.
ჩაწერის პროცესი…
2022 წ.
მადლობა ილია ბაბურაშვილს ფოტოსთვის