საუბრები ხელოვნებაზე

“სინფონიეტას” საჩუქარი

2022 წლის 13 ოქტომბერს უკვე ერთი წელია ველოდებოდით.
2021 წლის თბილისის კლასიკური გიტარის შემსრულებელთა VIII საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები, პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს ლუკა რომანელიმ (იტალია), ედუარდ ჰრმუშიანმა (სომხეთი) და მიშელ ბერსონმა (ისრაელი). ყველაზე ორიგინალური პრიზის მფლობელები, კი გახდნენ ლუკა რომანელი, ედუარდ ხრმუშიანი და იარა ფელდმანი. იარას არ აუღია ლაურეატის წოდება, ის თავის ასაკობრივ ჯგუფში იღებდა მონაწილეობას.
ეს ორიგინალური პრიზი წარმოადგენს სახელმწიფო კამერული ორკესტრის „სინფონიეტას“ პრიზს, რაც გულისხმობს ორკესტრთან საერთო კონცერტის ჩატარებას.
სწორედ რომ ეს საპრიზო კონცერტი ჩატარდა თბილისის კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში. კონცერტს წინ უძღვოდა საინტერესეო რეპეტიციები, რომელიც უდაოდ დიდ მასტერკლასს წარმოადგენდა ახალგაზრდა შემსრულებლებისათვის.
„საავტორო სტუდიის“ ხმის ჩამწერმა სტუდიამ განახორციელა კონცერტის ჩაწერა. ჩანაწერი გამოქვეყნდება და ფართო საზოგადოებას ექნება მისი მოსმენის საშუალება.
კონცერტს ესწრებოდნენ კლასიკური მუსიკით დაინტერესებული ბავშვები, მათი მშობლები, პროფესიონალი და მოყვარული მუსიკოსები, კონცერტის მონაწილეთა გულშემატკივრები, ორკესტრის დირექცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სომხეთისა და ისრაელი საელჩოს წარმომადგენლები.
კონცერტზე სიტყვით გამოვიდა „საავტორო სტუდიის“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი, ბატონი ნიკოლოზ ბაძაღუა, რომელიც გაეცნო მუსიკალურ საზოგადოებას და თავისი პერსპექტივები მათ მოკლედ გააცნო.
კონცერტს ვუძღვებოდი მე და მივიღე ძალიან დიდი სიამოვნება, რომ ვიყავი მედიუმი მუსიკოსებსა და მსმენელს შორის. ჩემს თვალწინ გაიარა მუსიკოსების ნერვიულობამ კულისებში და მსმენელის მომლოდინე თვალების გამომეტყველების ცვლილებამ, რომელსაც ძალიან დიდი გულისყურით ვაკვირდებოდი სცენიდან კონცერტის წაყვანის დროს. ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო ბავშვების რეაქცია ალბერტო ნეპომუსენოს „ანტიკური სუიტის“ მოსმენის შემდეგ, რომელიც მხოლოდ ორკესტრმა შეასრულა. მათი მშობლების გამოკითხვისას ყველამ ერთხმად აღიარა, რომ გვერდითაც არ გაუხედიათ, ისე ყოფილან ჩართულები მოსმენის პროცესში.
„საავტორო სტუდია“ მალევე შეუდგება მზადებას, რომ მომავალი წლისათვის კონკურსი მრავალფეროვანი და საინტერესო შემსრყულებლებით დახუნძლული აღმოჩნდეს. ვფიქრობ, კონკურსის ფარგლებში ასაკობრივ ჯგუფებთან ერთად დავამატოთ კლასიკური გიტარის მოყვარულ შემსრულებელთა ჯგუფი, სადაც მონაწილეობის მიღებას ის ადამიანები შეძლებენ, რომლებმაც გადაწყვიტეს გვიან ასაკში დაუფლებოდნენ გიტარაზე დაკვრას. ვფიქრობ, ეს წამოწყება საინტერესო ელფერს შესძენს ჩვენს კონკურსს, სადაც დამწყები და პროფესიონალი მუსიკოსების გვერდით იასპარეზებენ მოყვარული გიტარისტებიც. ჯერ ეს იდეა არ გამიცვნია დამფუძნებლებისა და ჟიურის წევრებისთვის (დავით ხოსიტაშვილი, ვაჩე ლალიაშვილი, დავით კვარაცხელია). ამას უკვე კონკურსის გამოცხადების წინ გაიგებთ.
მადლობას მოვახსენებ ყველა მონაწილეს და ყველა მსმენელს კონცერტში მონაწილეობის მიღებისათვის და კვლავაც ვიწყებ მზადებას თქვენთან შესახვედრად.

პატივისცემით
ნინო ჯანჯღავა

ფოტო თეა მუქერიასი

შესაძლოა დაგაინტერესოს