საუბრები ხელოვნებაზე

ზაქარია ფალიაშვილის საოპერო მუსიკის ტრანსკრიფციები

ზაქარია ფალიაშვილის საოპერო მუსიკის ტრანსკრიფციების შექმნის იდეა 2025 წელს გაჩნდა და იმავე წელს განხორციელდა ოპერა „აბესალომ და ეთერის“ პოპულარული მელოდიების მიხედვით ტრანსკრიფციების განხორციელება. გამოიცა პარტიტურა პარტიებით და ეს ახალი ვერსიები შესრულდა კონცერტზე, კონსერვატორიის სტუდენტების მიერ.

ვინაიდან პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, 2026 წელს ისევ მომზადდა ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობდა ოპერა „დაისის“ მუსიკალური ნომრების გადამუშავებას და ამ მუსიკის კამერული შემადგენლობებისთვის მორგებას, რომლის მიზანიც გახლდათ ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის საკონცერტო ესტრადაზე შესრულება, რაც მის მუსიკას უფრო ხშირად შესრულებადს გახდის, რასაც ის ნამდვილად იმსახურებს.

ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისიდან“ განხორციელდა შემდეგი მუსიკალური ეპიზოდების დამუშავება: „უვერტიურა“ სიმებიანი კვარტეტისათვის, „მაროს და ნანოს დუეტი“ ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „ლეკური“ სიმებიანი კვარტეტისათვის, „თავო ჩემო“ ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „ცანგალას სიმღერა“ ლითონის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „ხევსურთა ცეკვა“ ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „მთიულური“ სიმებიანი კვარტეტისათვის, „ცანგალა და გოგონა“ ლითონის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „კიაზოსა და ცანგალას დუეტი“ ლითონის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის, „ღმერთო, იხსენ და უშველე“ ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტისათვის.

შეიქმნა როგორც მკაცრი (ავტორისეული ტექსტის ზუსტი დაცვით), ასევე თავისუფალი (ავტორისეული ტექსტის მცირეოდენი ვარირებით) ტრანსკრიფციები. მუსიკოსთა შემადგენლობები შეირჩა სპეციალური გათვლით, ვინაიდან საკონცერტო ესტრადაზე ხშირად გამოდიან ეს კოლექტივები – სიმებიანი კვარტეტი (2 ვიოლინო, ალტი და ჩელო), ხის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტი (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ვალდჰორნი და ფაგოტი) და ლითონის ჩასაბერ საკრავთა კვინტეტი (2 საყვირი, ვალდჰორნი, ტრომბონი და ტუბა) – ამით კი პროექტი მეტ შანსს იძლევა, რომ ამ კოლექტივების საკონცერტო რეპერტუარში ტრანსკრიფციები უფრო ხშირად და იოლად შესრულებადი გახდეს.

ისევე როგორც „აბესალომ  და ეთერის“ პოპულარული თემების განხორციელებისას გამოიცა პარტიტურები და პარტიები, ასევე ოპერა „დაისის“ საკონცერტო ტრანსკრიფციებიც გამოიცემა პარტიტურებისა და პარტიების სახით, როგორც ბეჭდურად ისე ელექტრონულად, როგორს ეს არის ოპერა „აბესალომ და ეთერის“ შემთხვევაში (ნინო ჯანჯღავას საავტორო საიტზე უფასო ჩამოტვირთვის შესაძლებლობით)

ჩამოსატვირთი ბმული

იმედს ვიტოვებთ, რომ ოპერა „დაისის“ ტრანსკრიფციების საკონცერტო ესტრადაზე აჟღერებაც მალე განხორციელდება.

პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო.