საუბრები ხელოვნებაზე

ქართული პროფესიული საკომპოზიტორო სკოლის პოლიფონიის საფუძვლები

2024 წელს რამოდენიმე საინტერესო პროექტი განახორციელა საავტორო სტუდიამ. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას სამეცნიერო ნაშრომს სახელწოდებით „ქართული პროფესიული საკომპოზიტორო სკოლის პოლიფონიის საფუძვლები“. ამ ნაშრომის პირველი ნაწილი გასულ წელს გამოსცა „საავტორო სტუდიის სანოტო გამომცემლობამ“, რომლის შესახებაც ჩვენი გვერდის საშუალებით გაცნობეთ. ნაშრომის დატირაჟებაში პროექტს მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. პროექტის მთავარი შემადგენელი ნაწილია ნაშრომის გაზიარება ყველა იმ უმაღლესი სასწავლებლის ლექტორებისა და დაინტერესებული სტუდენტებისათვის, სადაც ისწავლება მუსიკალური დისციპლინები. გზას დავულოცავთ ავტორს პროექტის შემდეგი განვითარების გზაზე.

ეს კი გახლავთ ავტორის წინათქმა:

ქართული ტრადიციული საგალობლების გაცნობის პირველი დღიდანვე გამიჩნდა სურვილი გამომეკვლია ის კანონები, რის მიხედვითაც იქმნებოდა მოცემული საგალობლები. ამაში პოლიფონიის ცოდნა დამეხმარა. პოლიფონიის შესავლისას სწავლა მარტივი ელემენტებიდან იწყება, რომლებსაც მივყავართ პოლიფონიის გვირგვინამდე, ფუგამდე.

კვლევის დროს კი მოცემულობა იყო პირიქით, ანუ გაქვს სამხმიანი საგალობელი და ეძებ გზას, რომელიც მიგიყვანს საწყის წერტილამდე, საიდანაც იწყება მისი შექმნა.

წინამდებარე კვლევის მთავარი მიზანია შეიქმნას მყარი საფუძველი ქართულ ტრადიციულ საგალობელთა პოლიფონიის სახელმძღვანელოს შესაქმნელად, რომელში მოთავსებული კანონების მიხედვითაც შესაძლებელი გახდება საგალობლის შექმნა ტრადიციულ კანონიკაში.

ქართული ტრადიციული საგალობლების წერის ტექნიკის შესწავლა გზას გაუკვალავს ზოგადად ქართული საკომპოზიციო წერის ინდივიდუალურ, ქართულ ტრადიციებზე დაყრდნობილ წერის ტექნიკას. ქართულ შემოქმედებაში მსოფლიო გამოცდილების მუსიკის შექმნის ტექნიკის პარალელურად ქართული ტრადიციული საგალობლების შექმნის ტექნიკასაც ექნება თავისი გარკვეული ადგილი, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად შეავსებს იმ წყვეტის გამო გამოწვეულ დანაკლისს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რამოდენიმე საუკუნის მანძილზე გაგრძელდა და შესაფერისი კვალიც დატოვა.

ვფიქრობ, რომ მოცემული კვლევა იმ დიდი გზის დასაწყისია, რომელმაც სახელმძღვანელოს შექმნამდე უნდა მიგვიყვანოს.

ნაშრომი მინდა მივუძღვნა ჩემი პოლიფონიის პედაგოგის, ქართველი კომპოზიტორის არჩილ ჩიმაკაძის ნათელ ხსოვნას.

პატივისცემით

ნინო ჯანჯღავა

 

სახელმძღვანელოს გადმოსაწერი ბმული