– ნინა, დაჯექი და გააკეთე, ამდენ ლაპარაკს, წარმოუდგენელია უკვე ამისი მოსმენა. – ეს დათიკოს განწირული სიტყვები იყო. რაც მიცნობს, პირველი დღიდან იმას ვიძახდი, რომ ვიცი როგორ უნდა ვიპოვო წესები, რის მიხედვითაც კანონიკური საგალობლების შექმნა იქნებოდა შესაძლებელი და ამასვე მოვაყოლებდი, რომ მაგათი (წურწუმ-პრუწუნა კარიერისტი „მცოდნეები“) თავი არ მაქვს, ის ამას იტყვის, ეს გადაირევა, ყველანაირად ეცდებიან, რომ ნამუშევარი დააკნინონ, ყველა მაქსიმალურად ეცდება, რომ ნამუშევარი იზოლაციაში მოაქციონ, მომიშლიან ნერვებს, მომაყენებენ შეურაცხყოფას, შეხვედრისას არ მომესალმებიან, რომ დავურეკავ ტელეფონს დამიკიდებენ, ან მეტყვიან, რომ ნინო, კი, კარგია, მაგრამ ძალიან გთხოვ, არავის უთხრა მე რომ მომეწონა. ასევე, აუცილებლად იტყვიან, რომ ეს კადნიერებაა და ის ხელთუქმნელია და შენ ხელით ნუ ეხები. – ეს ტექსტი ქონდა დათიკოს გამოწერილი დღეში სამჯერ, დილას, შუადღეზე და საღამოს.
მიყიდა ველოსიპედი, როგორც პირველი ჰონორარი და მითხრა – აი, შენ ავანსი, დაჯექი და გააკეთე ისე, როგორც შენ თვლი საჭიროდ, დაანებე ყველას თავიო.
ეს სტარტი იყო.
დიახ, გავკადნიერდი და შევეხე, ხელით შევეხე, იმიტომ რომ მქონდა სათანადო ცოდნა, ინტერესი და ვალი ჩემი პედაგოგების წინაშე.
როდესაც კონსერვატორიაში ჩავაბარე, ჩვენი რექტორი ბატონი სულხან ცინცაძე იყო, რომელმაც პირველკურსელებს პირველივე შეხვედრაზე, მცირე დარბაზში, ფიცი დაგვადებინა იმის შესახებ, რომ რასაც კონსერვატორიაში გვასწავლიდნენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოგვეყენებინა, მერე სამჯერ დაგვაძახებინა – ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ და მოაყოლა ღიმილიანი იუმორით, აი, ფიცი უკვე დადებულია, ახლა სხვა გზა აღარ გაქვთ, გაიქეცით აუდიტორიებშიო.
ავდექი, დავჯექი და დავიწყე, მაგრამ საიდან უნდა დამეწყო, როდესაც არაფერი იყო ხელმოსაკიდი. რა კლასიფიკაციით უნდა დამეყო საგალობლები იმისათვის, რომ კვლევა თანმიმდევრული გამოსულიყო. ანუ, ცხადია, აქ საუბარია ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით დაყოფაზე. ნამდვილი კითხვის ნიშანი ვიყავი. უცებ გონებაში ამოტივტივდა მალხაზ ერქვანიძის ნათქვამი, რომ მთავარია პირველი ხმა, მაგრამ რა კონტექსტში მითხრა ეგ არ მახსენდება.
პირველი ხმა მთავარი გახდა და გადაწყდა, რომ კვლევა დამეწყო ყველაზე მარტივი აგებულების პირველი ხმის მქონე საგალობლებიდან და ასეთი აღმოჩნდა ის საგალობლები, რომელთა პირველი ხმის დიაპაზონიც პრიმის ტოლია. თითქოს ახლა მარტივად ჟღერს, მაგრამ აქამდე მისასვლელად რამოდენიმე კვირა დამჭირდა.
ვუშაობდი დილაობით, ყოველ დღე, კვირის გარდა. მაქსიმუმი, რა დროსაც მუშაობას ვუძლებდი ეს იყო 40-45 წუთი. როდესაც 4-5 საათი გადაბმულად შემიძლია კომპოზიციაში ვიმუშაო, ან დღეში 8 საათი ფორტეპიანოზე ვუკრა.
კილოების გარკვევის გზების ძიება მიმდინარეობდა 2020 წლის 10 მაისიდან 2020 წლის 8 ივნისამდე.
დიაპაზონების კვლევამ დაიკავა პერიოდი 2020 წლის 14 ივნისიდან 2021 წლის 15 მაისამდე. მისი შემოწმება კი გაგრძელდა 2021 წლის 23 სექტემბრამდე.
ინტონაციური განვითარების საკითხების კვლევა დავიწყე 2021 წლის 12 ნოემბერს.
2022 წლის 8 ივლისიდან 2022 წლის 18 ივლისამდე ვმუშაობდი რიტმული ფორმულების კვლევაზე.
მთლიანობაში, კვლევის პირველ ნაწილზე მუშაობას დასჭირდა დრო, 2020 წლის 10 მაისიდან 2022 წლის 18 ივლისამდე.
2023 წლის 19 მარტს განვაახლე მუშაობა სამხმიანობის საკითხებზე, რომელიც დავასრულე 2023 წლის 18 აგვისტოს.
პირველმა მე თავად ავაგე საგალობლები ჩემივე მოპოვებული წესების მიხედვით და დავურთე გამოცემას. ამ ეტაპზე, ჩემს საკუთარ თავს მივეცი უფლება პარამეტრების მცირეოდენი შემოქმედებითი განვითარებისათვის, ნიშნად იმისა, რომ როდესაც ამ წესების მიხედვით დაიწყებენ საგალობლების შექმნას, მათაც დაუტოვონ საკუთარ თავს თავიანთი ინდივიდუალური აზროვნების გამოვლინების უფლება. ეს აუცილებელია, როდესაც საგალობელი იქმნება, ვინაიდან ადამიანის გალობაა მისაღები და არა წესების მიხევით შექმნილი სავარჯიშო.
საგალობელი დროის შესაბამისი, აქტუალური და ქმედითი უნდა იყოს.
აქვე, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სავარჯიშოების გაკეთების გარეშე თავისთვის ზედმეტი თავისუფლების მიცემა დაუშვებელია!
2024 წელს კულტურის სამინისტრომ მხარი დაუჭიდა ჩემს ნამუშევარს და ნაშრომი გამოიცა წიგნის სახით. პროექტში მითითებული მქონდა, რომ ეს წიგნი პრეზენტაციით უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს ყველა იმ უმაღლეს სასწავლებელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შეისწავლიან მუსიკის საგანს.
ამ ეტაპზე კი ველოდები კონსერვატორიის რექტორის გადაწყვეტილებას, რომ მომცეს უფლება შევხვდე კონსერვატორიის აუდიტორიას, ვინაიდან კათედრა, რომელსაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მკაცრ უარს აცხადებს პრეზენტაციაზე და განსაკუთრებით კატეგორიულად ამბობენ უარს სტუდენტებთან შეხვედრაზე. მიზეზს არ მეუბებიან.
შეხვედრაზე მზაობა გამოცხადებულია ილიაუნიში, სხვადასხვა ხელოვნების სასწავლებელსა და უნივერსიტეტებში, თბილისსა და ქუთაისში (მივალ სხვა რეგიონებშიც), სადაც გადიან მუსიკის საგანს.
აი, ვარ და მოველი პასუხს.
ჩემს ზურგს უკან კი დგას სულხან ცინცაძე, არჩილ ჩიმაკაძე, მიხო შუღლიაშვილი, ლია დოლიძე, თეიმურაზ აბაშიძე, ალიკო შანიძე, ნუნუ ბახუტაშვილი, ნინა ჩერქეზიშვილი, ბეჟან ნამგლაძე, ნოდან მამისაშვილი, რუსუდან ჩაჩუა, ალექსი მაჭავარიანი, მამა თომა, ნუგზარ კიკნაძე და ჩემი უანგარო შრომა.
და კიდევ… ჩემი წითელი დიპლომი და ასპირანტურაში გატარებული წარმატებული პერიოდი. ვიცი, თქვენს სიბოროტეს ვიწრო რადიუსი აქვს, სადაც ჩემს შარლატანობაზეც შეძლებთ სიტყვის ჩამოგდებას და ეს ამის დასაბალანსებლად დაგიწერეთ ))
სანამ მიმიშვებენ ჩემს საყვარელ კონსერვატორიამდე, მანამდე ეს ნაშრომი შეგიძლიათ ნახოთ მოცემული QR Code-ის საშუალებით.
მზად ვარ შესახვედრად ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მსურველთან, რომლებსაც აქვთ მიღებული საშუალო და უმაღლესი მუსიკალური განათლება.
პატივისცემით
ნინო ჯანჯღავა