გამართლებულია თუ არა მხოლოდ სოლისტის გაძლიერება კლასიკური მუსიკის კონცერტის დროს? და საერთოდ, მიზანშეწონილია თუ არა სიმფონიური თუ კამერული მუსიკის კონცერტების გახმოვანება?
ზოგჯერ, განსაკუთრებით კი საოპერო არიებისა თუ ოპერების საკონცერტო შესრულების დროს, შემსრულებლები სოლისტის ხმის გაძლიერებას ითხოვენ. რამდენად მიზანშეწონილია მთელი ორკესტრიდან მხოლოდ ერთი, კონკრეტული სოლო შემსრულებლის გახმოვანება?
იდეალურ შემთხვევაში, თუკი ორკესტრი კარგად არის დაბალანსებული დირიჟორის მიერ, თუკი დარბაზში კარგი აკუსტიკაა, სოლისტს ხმის გაძლიერება არ უნდა ესაჭიროებოდეს.
სანამ შეფასებას დავიწყდებდეთ, უნდა აღვნიშნოთ რეპერტუარის ფაქტორი. არის თანამედროვე ნაწარმოებები, რომლებიც კომპოზიტორის მიერ უკვე ისე არის დაწერილი, რომ სოლისტის გახმოვანება აუცილებელია. სხვაგვარად ის არ გაიჟღერებს. რომ არაფერი ვთქვათ საგანგებოდ დამატებულ ელექტრონულ ხმებსა თუ შესრულების დროს ასაჟღერებელ წინასწარ მომზადებულ ჩანაწერებზე. აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ კლასიკური მუსიკის კონცერტის გახმოვანება ურთულესი საინჟინრო ამოცანაა, რომელსაც ძალიან ძვირადღირებული აპარატურა, მიკროფონები და საგანგებოდ გაწვრთნილი და კვალიფიცირებული მომსახურე პერსონალი ესაჭიროება.
ჩვენ საოპერო თეატრში შესანიშნავი აპარატურაა. აკუსტიკა არაა ცუდი (ზოგი აღნიშნავს, რომ რემონტამდე უკეთესი იყო), თუმცა, წარმოდგენები ხმოვანდება. გამაძლიერებელი სისტემა იმგვარად არის გადანაწილებული მთელ დარბაზში, რომ მუსიკა თანაბრად ნაწილდება პარტერის ყველა მონაკვეთში. იარუსებზეც კი საგანგებო მონიტორებია დაინსტალირებული და მსმენელს არათუ დისკომფორტს, არამედ სასიამოვნო სმენით გარემოს უქმნის. აქ ერთ დეტალზე უნდა შევაჩერო ყურადდღება: თუკი დარბაზი ზედმეტად “მშრალია”, გამაძლიერებელი სისტემით ჩვენ ხელოვნური რევერბერაციის ეფექტის მიცემა შეგვიძლია და ის გაცილებით სასიამოვნო მოსასმენი ხდება. საუბარია მეთოდზე, როდესაც “სპიკერებში” მხოლოდ რევერბერაციის ეფექტი გადის და პირდაპირი ხმა აკუსტიკურად ჟღერს. ასეთ დროს გაძლიერებული სიგნალი თითქმის არ ისმის. ისედაც, ხმამაღალი სიგნალის საშუალება, როგორც წესი, ვერც იქნება, რადგან ორკესტრი კონდენსატორული მიკროფონებით ხმოვანდება და “ფიდბეკის” საშიშროება საკმაოდ მაღალია. რომ არაფერი ვთქვათ არანატურალურ ჟღერადობაზე… საოპერო სპექტაკლების გახმოვანება მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოს მოწინავე თეატრებში. მაგალითად, ამსტერდამის ნაციონალურ ოპერაში ყველა სოლისტს ინდივიდუალური კონტაქტური მიკროფონი აქვს, ორმოში მსხდომი ორკესტრი კი Sennheiser – ის ბრენდის კონდენსატორული მიკროფონებით ხმოვანდება.
გახმოვანებული სოლისტის შემთხვევაში ჩვენ შემდეგი სახის პრობლემას ვაწყდებით: თუკი სოლისტი ხმოვანდება, მისი გაძლიერებული ხმა გადის სისტემის წინა ხაზში, და, საკმარისია ის ოდნავ ხმამაღალი მოგვივიდეს, დარბაზში დატრიალების შემდეგ, დაგვიანებით უბრუნდება სოლისტს. ეს პრობლემა მოგვარებადია, თუკი სოლისტი “ყურის მონიტორით” არის აღჭურვილი, მაგრამ გვიან დაბრუნებული ხმა ჯერ ისევ პრობლემად რჩება სხვა (ჩამწერი) მიკროფონებისთვის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ სოლისტის გახმოვანება არ არის მიზანშეწონილი.
აქ მოგვიწევს გავიხსენოთ ისეთი სოლო ინსტრუმენტების კონცერტები, რომელთა აკუსტიკური ჟღერადობა არასაკმარისად ძლიერია, რომ თანასწორად ჟღერდეს ორკესტრის პარალელურად. მაგალთად, კლასიკური გიტარა. ცხადია, ბევრია ისეთი კონცერტი, რომელიც საგანგებოდ არის დაწერილი ისე, რომ ორკესტრმა არ გადაფაროს მასზე სუსტი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, არსებობს ისეთი ხელნაკეთი ინსტრუმენტები, რომელთა აკუსტიკური ხმოვანება იმდენად ძლიერია, რომ სავსებით რეალურია გაუხმოვანებლადაც კარგად იჟღერონ, მაგრამ ასეთები, როგორც წესი ძალიან ძვირი ღირს და არც თუ ისე ბევრია. სწორედ ამიტომ, კლასიკური გიტარის კონცერტების დროს სოლისტის გახმოვანება მიღებული პრაქტიკაა. განსაკუთრებით მაშინ, თუკი დარბაზი დიდია. ჩემი აზრით, ასეთ დროს, იდეალური იქნებოდა არა მხოლოდ გიტარისტის, არამედ მთელი ორკესტრის გახმოვანება, რათა გიტარა ორგანულად შეერწყას ორკესტრის ჟღერადობას. და, ცხადია, სოლისტის ხმოვანი წყაროს სწორად აღსაქმელად გაძლიერებული ხმა არ უნდა იყოს დაცილებული პირველწყაროს. როგორ წარმოგიდგენიათ კონცერტი, სადაც მუსიკოსი სცენის ცერნტრში ზის, ხმა კი სადღაც სხვა ადგილიდან მოდის?!
როდესაც ამ სტატიას ვამზადებდი გარკვეულ რესურსებს გადავხედე ინტერნეტში და ერთ საინტერესო წერილს წავაწყდი, სადაც ბრიტანეთის ერთ-ერთი წარმატებული კომპოზიტორი, ჯონათან ჰარვი ერთ საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს: “კლასიკური მუსიკის კონცერტები ახლაც და მომავალშიც უნდა ხმოვანდებოდეს, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს მომავალი თაობისთვის”. მისი მტკიცებით: “ახალგაზრდების უმრავლესობას არ უყვარს საკონცერტო დარბაზები. ისინი უბრალოდ არ დადიან კონცერტებზე, რომლებიც არ ხმოვანდება. მათთვის გაუგებარია რატომ უნდა მოსწონდეთ “ჩუმი” მუსიკის მოსმენა”. მართალია, ამის შემდეგ ჰარვი კიდევ ბევრ უცნაურ და მიუღებელ აზრს ამატებს, მსგავსს იმისა, რომ აკადემიური მუსიკის კონცერტებზე, მსმენელს უნდა შეეძლოს საუბარიც და თავისუფლად გადაადგილებაც, მასთან დათანხმება, გარკვეულწილად, მაინც მოგვიწევს იმაში, რომ ახალგაზრდა თაობის ყური გაძლიერებულ ჟღერადობას არის მიჩვეული და ამგვარი “გახელოვნებური” მუსიკა მისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე “ძველი”, აკუსტიკური. ეს ერთგვარი მისიონერული მიდგომაა კომპოზიტორ ჰარვისგან. მას სურს, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ეზიაროს კლასიკური მუსიკას. პირადად მე მიმაჩნია, რომ “ძველი” კლასიკური მუსიკა, თავისი არსით, აკუსტიკურია. ის დაიწერა ასეთად და გაძლიერება მთლიანად ცვლის მის ბუნებას, ხასიათს, სიღრმეს, ბგერის მოძრაობას და ა.შ.
ისევ კომპრომისზე მოგვიწევს საუბარი. რა ვუყოთ თუკი, კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ტარდება? ვინც დარბაზის ბოლო რიგებში მჯდარა, ალბათ დამეთანხმება, რომ გახმოვანების გარეშე მათი გვერდზე მსხდომი ხალხის სუნთქვა უფრო უკეთ ისმის, ვიდრე ორკესტრი და მითუმეტეს კონკრეტული სოლისტი. ამიტომაც ფილარმონიაში ჩატარებულ კლასიკურ კონცერტებზე მიკროფონების დიდი ნაწილი მხოლოდ გახმოვანებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ჩასაწერად ან პირდაპირი ეთერისთვის, ცალკე, სხვა მიკროფონები მონტაჟდება. “საავტორო სტუდიას” არაერთი ასეთი კონცერტი ჩაუწერია და გადაუცია პირდაპირ ეთერში. რა თქმა უნდა, იდეალურ ხარისხს ასეთ დროს ვერ მივაღწევთ, რადგან გაძლიერებული ხმის გარკვეული რაოდენობა აღწევს ჩამწერ მიკროფონებში, მაგრამ კონცერტის მოსმენა მაინც სასიამოვნო გამოდის როგორც დარბაზში, ასევე ჩანაწერში.
ვფიქრობ, რომ თემაზე – გახმოვანდეს თუ არა კლასიკური მუსიკის კონცერტი ან სოლისტი, ბევრი წინააღმდეგობრივი აზრი შეიძლება გაჩნდეს. ბუნებრიობის მომხრეების არგუმენტებიც გასაგები იქნება და იმათიც, ვისაც ყური ელექრტონულად გაძლიერებულ მუსიკას აქვს მიჩვეული. ალბათ გაჟღერდება იმგვარი აზრიც, რომ ისეთ გარემოში, სადაც აკუსტიკურად ცუდად ან არაბუნებრივად გაჟღედება მუსიკა, საერთოდაც არ უნდა შესრულდეს. შემსრულებლის პოზიცია შესაძლოა სხვაგვარი იყოს, ხოლო მსმენელის – განსხვავებული. ერთადერთი რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, თუკი ხელთ არ გვაქვს კარგი ხარისხის აპარატურა და სპეციალისტები, აჯობებს კონცერტი აკუსტიკურად ჩავატაროთ, დანარჩენ შემთხვევაში კი გავითვალისწინოთ დარბაზის ზომები, აკუსტიკური მონაცემები, რეპერტუარი და ა.შ. და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი.
დავით ხოსიტაშვილი
2022