საუბრები ხელოვნებაზე

იარას ღიმილისათვის

„იარას ღიმილისათვის“ –  პიესის შექმნის ისტორია

„საავტორო სტუდია“ 2013 წლიდან ატარებს „კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს“, რომელმაც არაერთი საინტერესო მუსიკოსი დაამეგობრა თბილისთან და თბილისელ მუსიკოს-შემსრულებლებთან.

2021 წელს ამ  კონკურსის ერთ-ერთ პრიზიორს ისრაელიდან, იარა ფელდმანს საქართველოს კამერული ორკესტრის „სინფონიეტას“ პრიზი გადაეცა, რაც გულისხმობს „სინფონიეტასთან“ ერთად მუსიკის ერთობლივ შესრულებას. სწორედ ეს საპრიზო კონცერტი იყო, როდესაც იარამ კონცერტის წინ ტირილი დაიწყო ნერვიულობისგან, ვერაფრით დავაწყნარე, რომ სცენაზე გასასვლელად დამეთანხმებინა, ვინაიდან მსმენელი დიდი ინტერესით ელოდებოდა კონცეტის ყველა მონაწილის მოსმენას. რაც მოვახერხე ეგ იყო, რომ დავპირდი სპეციალურად შენთვის პიესას დავწერ, ოღონ ახლა ნუღარ ინერვიულებ და დაუკარი თქო. შედეგს მივაღწიე, გავიდა სცენაზე და დაუკრა. 

დაპირებული პიესა კი რომელზეც დიდხანს ვფიქრობდი მხოლოდ ახლა შევქმენი „სინფონიეტას“ ბაროკო მუსიკის დისკის ჩაწერის წინ, ვინაიდან ვიცოდი, რომ დიანა გოგიშვილს (სინფონიეტას ერთ-ერთი მევიოლინე) შევხვდებოდი და მკითხავდა აბა, როგორ მიდის პიესის საქმეო, ვინაიდან დაესწრო ამ დაპირებას და ამ ხნის განმავლობაში ხუმრობით სულ მეუბნებოდა – იცოდე მახსოვს დაპირება და არ გაპატიებ მაგის არშესრულებასო, დავინახე და გავიგე ჩემი თვალით და ჩემი ყურითო.

პიესა ძალიან მალე დაიწერა. მგონი სულ რაღაც 35 წუთში (დიდხანს კი ვფიქრობდი). პირველი მსმენელი დიანა იყო, მესენჯერით გავუგზავნე ელექტრო ვერსია და მართლა ძალიან გამიხარდა, რომ მოიწონა. მერე საუბარი ისე წავიდა, რომ საორკესტრო (ბაროკო ინსტრუმენტებისათვის) ამ პიესის ვერსიაც კი გავაკეთე, რომელსაც დიანას მივუძღვნი. 

ახლა კი გთავაზობთ ორი გიტარის პიესას სახელწოდებით „იარას ღიმისლისათვის“. 

მადლობა  მინდა გადავუხარო დავით კვარაცხელიას, რომელმაც გამოცემისათვის მოამზადა პიესის აპლიკატურა, რასაც იხილავთ მოცემულ ლინკზე. ასევე ძალიან მიხარია, რომ პიესის შესრულებას ნიკასა და დათოს გარდა მიშელ ბერსონიც აპირებს, რისთვისაც ეძებს ამ ეტაპზე პარტნიორს, ვინაიდან ჩვენი იარა ფელდმანი ახლა ისრაელის ჯარშია.

სპეციალური მადლობა მინდა გადავუხადო იგორ კაპლუნს, რომელიც გახლავთ თბილისის კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი მიშელ ბერსონის და ამავე კონკურსის პრიზიორის იარა ფელდმანის მასწავლებელი. იგორ კაპლუნის მოსწავლეები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას „საავტორო სტუდიის“  „თბილისის კლასიკური გიტარის საერთაშორისო კონკურსში“.

წარმატებულ გზას ვუსურვებ, როგორც ახალ პიესას ორი გიტარისათვის, სახელწოდებით „იარას ღიმილისათვის“ ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ნაწარმოების შექმნის გარშემო არსებობდა ხილულად თუ უხილავად.

გადმოსაწერი ბმული For Yaraa’s smile, Op.108

ნინო ჯანჯღავა

2023 წ.