საუბრები ხელოვნებაზე

ბგერების სიყვარულით

მთავრდება უაღრესად დაძაბული და შრომატევადი 2023 წელი. ეს ის წელი იყო, როდესაც ბევრი რამ შევძელი და ამ შეძლებით ის ახალი ჰორიზონტები გამოჩნდა, რომელიც დასაწყისში საერთოდ არ ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი და ახლაც ვიცი საით უნდა წავიდეს და რა ადგილას მივიდეს ეს ყველაფერი.
როდესაც კარს არ გიღებს არც ოპერა, არც საოპერო სტუდია და არც კონსერვატორია გაძლევს საშუალებას, რომ ექსპერიმენტის დონეზე განახორციელო პროექტი, რომელიც ორიგინალური შემოქმედებითი აქტივობისაკენ არის მიმართული, ერთხელაც ამ უკიდეგანო იგნორირებას აიგნორებ და ქმნი საკუთარ სივრცეს, სახელწოდებით „სიმღერის მოყვარულთა გუნდი“.


ეს იყო ჩემი განაცხადი, თუ განცხადება, რომელსაც გამოეხმაურნენ ადამიანები და დღესაც არ შეჩერებულა ეს პროცესი. აი, სწორედ ეს ადამიანები არიან, რომლებიც მოვიდნენ და ჩემი აზრთა წყობა გაიზიარეს და კიდევ უფრო ძლიერად მიმართეს იმ მიზნისაკენ, რომელისკენ მიმავალი გზაც უკვე ყველა ჩვენთაგანს ძალიან გვიზიდავს.
სურვილები და სავარჯიშოები ტრადიციული გვაქვს. თუ დაბრკოლებას მარტო ვერ ვუმკლავდები მივმართავ კონსულტაციებს გამოცდილ პროფესიონალებთან და ასე ნელ-ნელა მივიწევთ წინ, ნისლში, გაურკვეველი მთების, ბორცვებისა თუ მწვერვალებისაკენ.
გუნდი ორიგინალურია და მგონი ერთადერთი ჩვენს სივრცეში. რეპერტუარიც განსხვავებულია, მაგრამ იცით რისგან, იმ ბგერითი სივრცისაგან, რაც გარშემო გვარტყია. ის ძირითადად შედგება კლასიკური მუსიკისგან. კრებული, რომელიც „საავტორო სტუდიას“ კულტურის სამინისტრომ დაუფინანსა, ბატონი სოსო კეჭეყმაძის რეკომენდაციით საკმაოდ საინტერესოდ ასათვისებელი აღმოჩნდა. ამას გარდა გუნდის წევრები ასრულებენ კინოსა და თეატრისათვის შექმნილ სასიმღერო მუსიკას.
რეპეტიციებზე საკმაოდ ორიგინალური ხაზი ვითარდება და ეს ხაზი არის „ბგერების ბანკი“, რომელიც ამა თუ იმ მხატვრული ამოცანის შესრულების დრო ჩვენი თვალისა და ყურის წინ იქმნება რეპეტიციებზე.
გუნდის მსახიობებმა, ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში, ჩემთან ერთად, საკმაოდ რთული გზა გაიარეს. წლის ბოლოს კი ის მოვახერხეთ, რასაც პირველ რეპეტიციებზე ვერ ვახერხებდით. ამის დასტურია „საავტორო სტუდიის“ დახმარებით განხორციელებული ჩაწერა, სადაც გუნდის წევრებმა ჩაწერეს ფრანგული კინომუსიკის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერის ტრანსკიფციული ვერსია, რომლის ჩანაწერსაც გამოვაქვეყნებთ.
გუნდის წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც არიან, ისე რომ ჩვენი გუნდი არც თუ ისე დილეტანტურია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხდვით მოეჩვენოს ადამიანს.
2024 წელს „საავტორო სტუდიის“ სანოტო გამომცემლობასთან ერთად ვგეგმავთ XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის „ქართული ქალაქური ხალხური სიმღერების“ ისეთი ახალი ტრანსკრიფციების შექმნას და მღერას, რომელიც მორგებული იქნება ჩვენი გუნდის შესაძლებლობებსა და სურვილებზე. გვაქვს შესაძლებლობა, რომ კიდევ რამოდენიმე წევრი გავაერთიანოთ ჩვენს გუნდში. თუ ჩვენი საქმიანობა თქვენთვის მიმზიდველად და საინტერესოდ გამოიყურება, მაშინ მოდით და იმღერეთ ჩვენთან ერთად.