სიმღერის მოყვარულთა გუნდის შექმნის იდეა ჯერ კიდევ პანდემიამდე გაჩნდა. მსურველები მაშინვე შემოვიკრიბე, თუმცა პანდემიამ მეცადინეობების გასაგრძელებლად ხელი შეგვიშალა. წელს კი თებერვლის თვიდან განვაახლეთ შეხვედრები. გუნდის წევრებს ახალი მსურველებიც დაემატათ და აი, უკვე ექვსი თვის მეცადინეობის შედეგად სიმღერისა და მუსიკის მოყვარულმა ადამიანებმა შეისწავლეს რამდენიმე ათეული სიმღერა, გაივარჯიშეს სმენა, ხმა, მეტყველება და უკვე შეძლეს ორ დამოუკიდებელ ხმაში მღერაც. თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს და ვემზადებით სხვადასხვა საინტერესო პროექტის განსახორციელებლად, რომლის გაკეთების სურვილი და იმედი ყველას გვაქვს.
ჩვენი გუნდის წევრები გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები არიან და ყოველი მათგანი წარმატებულია თავის პროფესიულ საქმიანობაში. ისინი სხვადასხვა პროფესიისანი არიან. მათ მუსიკის და ზოგადად ხელოვნების ინტერესი აერთიანებთ. ისინი თავისუფალი ადამიანები არიან და მოტივირებულები საკუთარის ნიჭის განვითარებით. მათ შორის არიან ისინი, რომელნიც სამუსიკო სკოლაში სწავლობდნენ და ნოტის კითხვა შეუძლიათ და ასევე არიან ისეთები, რომლებიც ხმის და რიტმის სავარჯიშოებთან ერთად ნოტის კითხვასაც სწავლობენ.
ჩემთვის ყოველი მათი წარმატება ძალიან დიდი სიხარულია, ეს იქნება ყოველი ახალი ბგერა დიაპაზონში თუ სუფთად და ლამაზად აგებული მუსიკალური ფრაზა. ისინი არიან ძალიან ინიციატივიანები, მომთხოვნები. ეს ყველაფერი კი ჩემთვის დიდი მოტივაციაა ბევრი ახალი და გაბედული პროექტის განხორციელებისათვის.
მინდა მოგიწვიოთ ჩვენს გუნდში სამღერად ნებისმიერი ასაკის მსურველი და ზუსტად ვიცი რომ თქვენ იქნებით თქვენი საქმის კარგი სპეციალისტი, ნიჭიერი, თავისუფალი, სიახლეების მოყვარე, სხვებისათვის სიხარულის მინიჭების სურვილის მქონე ადამიანები. მზად ვარ მივიღო სტუდენტებიც, რომლებსაც მუსიკასთან სიახლოვე მხოლოდ დაეხმარება მათი არჩეული პროფესიის დაოსტატებაში.
ნინო ჯანჯღავა
2023 წ.