ჩვენი სტუდიის მეგობრებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ “საავტორო სტუდია” აქტიურად იწერს ხმოვან წიგნებს და მუდმივად მუშაობს მათი ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე.
სტუდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხმის რეჟისორი დავით ხოსიტაშვილი თავის ფეისბუკ-გვერდზე წერს:
ერთი საინტერესო იდეა მაქვს “საბას” ერთ-ერთ ნომინაციასთან დაკავშირებით:
მოგეხსენებათ, რომ ხმოვანი წიგნები დღითიდღე მეტ პოპულარობას იძენს მთელ მსოფლიოში. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ (ხალხს კითხვის დრო აღარ აქვს და გამოსავალი სწორედ ხმოვანი წიგნების მოსმენაა საცობებსა თუ სეირნობისას), არც საქართველო ჩამორჩა ამ სიახლეს და მსმენელიც მატულობს. რა თქმა უნდა, ჩვენმა გამომცებლობებმა და სტუდიებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვეს და ჩვენს აუდიო ბიბლიოთეკას ემატება და ემატება ხმოვანი წიგნების ახალ-ახალი ნიმუშები. მე არ მსურს ამჟამად საუბარი იმაზე, შესაძლებელია თუ არა სჯობნიდეს ფურცელზე დაწერილი ორიგინალი აუდიო ვერსიას. ჩემი აზრით, ეს ცალკე განხილვის საგანია, მსგავსად კარგად გადაღებული ფილმებისა, რომლებსაც ესა თუ ის წიგნი უდევს საფუძვლად. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ხმოვანი წიგნების ჩაწერის ხელოვნება ცალკეულ ყურადღებას იმსახურებს. ალბათ დამეთანხმებთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნის წამკითხველის ტემბრს, დიქციას, მის ოსტატობას და თავადაც თუ ესმის კარგად ის, რასაც კითხულობს; სად გადის ოქროს შუალედი მდორედ, მონოტონურად წაკითხულ ტექსტსა და გადამეტებულ მსახიობურ თამაშს შორის? ხმოვანი წიგნების გადმოსაწერ და მოსასმენ აპლიკაციებში სასურველი წიგნის ძებნისას, საძიებელ ველთა ჩამონათვალში მთხრობელის გვარსაც ვნახულობთ. ამ ინფორმაციამ შესაძლოა გადაგვაწყვეტინოს ღირს თუ არა ამა თუ იმ წიგნის წაკითხვა.
ცალკე საკითხია (და ჩემი რწმენით, საკმაოდ მნიშვნელოვანიც) ხმოვანი წიგნის მუსიკალური გაფორმებაც…
ერთი სიტყვით, ხმოვანი წიგნების ჩაწერა, უკვე კარგა ხანია, ხელოვნების ცალკეულ დარგად არის ჩამოყალიბებული და, ისევე როგორც წიგნების ეკრანიზაციის ან რადიო სპექტაკლების შეფასების შემთხვევაში, ისიც იმსახურებს მსმენელის, სპეციალისტებისა და კრიტიკოსების საგანგებო ყურადღებას.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, დროული იქნება თუკი “საბას” პრემიის დამაარსებლები ფიქრს იმაზეც დაიწყებენ, თუკი ერთ-ერთ ნომინაციად საუკეთესო ხმოვანი წიგნიც დასახელდება. დარწმუნებული ვარ, ერთი მხრივ, ეს გაზრდის ხმოვანი წიგნების პოპულარობას, მათ ხარისხს, გააჩენს ჯანსაღ კონკურენციას და გამომცემლობებს მეტ სტიმულსაც მისცემს.
ორიოდე დღის წინ, დავით ხოსიტაშვილს დაუკავშირდა ჟურნალისტი ელენე ტუშური და ხმოვან წიგნებთან დაკავშირებით მისგან ინტერვიუ აიღო. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ჩანაწერს:
აქვე ვიმედოვნებთ, რომ თანდათან უფრო და უფრო მოიმატებს ხარისხიანი ხმოვანი წიგნების რაოდენობა, რაშიც “საავტორო სტუდიაც” თავის წვლილს შეიტანს.
2023 წ.