აუდიო სკოლა

სწორი ადგილი თქვენი მონიტორებისათვის

საინტერესოა, დაიჯერებთ თუ არა, თუკი გეტყვით, რომ ძალიან მარტივად, სწრაფად და, რაც მთავარია, უფასოდ, თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ჩანაწერების ჟღერადობის ხარისხი? მაშ, მოემზადეთ, მე თქვენთვის კარგი ამბები მაქვს…

მიიღეთ მაქსიმუმი თქვენი “სპიკერებისგან”

თუ თქვენ გსურთ მაქსიმალურად კარგი ხარისხი მიიღოთ თქვენი მონიტორებისგან, მაშინ გაუწიეთ საკუთარ თავს სასარგებლო სამსახური და მოუძებნეთ მონიტორებს საუკეთესო ადგილი თქვენს ჩამწერ სტუდიაში. თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ, დამერწმუნეთ, მრავალი ადამიანი ზუსტად საპირისპიროდ იქცევა, შედეგად კი ქაოსს იღებენ.

მესმის, რომ შესაძლოა ამან დისკომფორტი შეგიქმნათ, მაგრამ თქვენი მონიტორებისათვის სწორი ადგილის შერჩევა თქვენს პრიორიტეტად უნდა იქცეს. თქვენს სტუდიაში მხოლოდ ერთი ადგილია ისეთი, სადაც ყველაზე კარგად გაიჟღერებს ხმა. სხვა ყველაფერი ამის გარშემო უნდა განთავსდეს. თუ მართლა გსურთ საუკეთესო ჟღერადობის მიღება, მაშინ მენდეთ და დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად ღირს ამის გაკეთება.

იპოვეთ ცენტრი

საუკეთესო ადგილი თქვენი “სპიკერებისთვის” ოთახის ცენტრია. არა, მე არ ვგულისხმობ გეომეტრიულად ზუსტ ცენტრს, არამედ ცენტრს, რომელიმე ერთ კედელთან მიმართებაში. მრავალი ადამიანი ათავსებს მონიტორებს კუთხეებში ადგილის მოგების მიზნით და მე ეს ძალიან კარგად მესმის, მაგრამ დროა ვისწავლოთ რომ მონიტორები უნდა დავაცილოთ კუთხეებსა და კედლებს. სასურველია თუკი ისინი ყველაზე მოკლე კედლის წინა ცენტრისკენ იქნებიან განთავსებულნი.

ჩვენი ამოცანა კედლიდან არეკლილი რეზონანსების დაბალანსება უნდა გახდეს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გამართულია თქვენი სტუდია აკუსტიკურად, კედლებიდან ასხლეტილი არასასურველი რეზონანსი აუცილებლად იქნება. ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, დროის სხვადასხვა მონაკვეთში მოღწეული კედლიდან არეკლილი რეზონანსებია, რაც ხმის აზელვას იწვევს. მონიტორების კედლიდან ცენტრისკენ დაცილებით თქვენ შეძლებთ დააბალანსოთ თქვენამდე მოსული რეზონანსები, ისე, რომ ისინი სიმეტრიულად აღწევდნენ თქვენამდე. მხოლოდ ამ ერთმა გადაადგილებამ შესაძლოა გაცილებით სუფთა ჟღერადობა მოგცეთ.

ბასის ჟღერაობის შემცირება

სამუშაო პულტისა და მონიტორების დაცილება კედლიდან კიდევ ერთ სასარგებლო შედეგს გამოიღებს – დაიკლებს არასასურველი და გადამეტებული დაბალ სიხშირეები. დაბალი სიხშირის საყვარელი ადგილები ოთახის კუთხეებია და ისინი კიდევ უფრო აძლიერებენ ბასის შეგრძნებას თქვენს ჩანაწერებში. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან თქვენ შესაძლოა იფიქროთ რომ ბასი გადამეტებულად ბევრია (რაც პრინციპში სწორიც არის) და დაუწიოთ.

სამუშაო მაგიდის ცენტრისკენ გამოწევით თქვენი ბასი გაცილებით ნატურალურად გაიჟღერებს, რაც უკეთეს გადაწყვეტილებებს მიგაღებინებთ მიქსის პროცესში. ეს დაზოგავს თქენს ენერგიას და დროს.

შეცვალეთ

თუ ჯერაც არ გამოგიწევიათ თქვენი მონიტორები კედლიდან ცენტრისკენ, მაშინ დღესვე ასე გააკეთეთ. იმუშავეთ იმისთვის რომ მიიღოთ უკეთესი ჟღერადობა. ეს მარტივი (და უფასო!) ხერხი თქვენ მოგცემთ საშუალებას უფრო სწრაფად და ეფექტურად მიიღოთ სასურველი შედეგი. თუ თქვენი ოთახის აკუსტიკა არ არის დამაკმაყოფილებელი, ეცადეთ გამოასწოროთ, მაგრამ მონიტორებისათვის სწორი პოზოციის შერჩევა ყველა ვარიანტში დაგჭირდებათ. იმოქმედეთ! თქვენი მუსიკა ამას იმსახურებს!

სტატიის ავტორი Graham

თარგმანი დავით ხოსიტაშვილისა