რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო შალვა მოსიძის და იოსებ კეჭეყმაძის საერთო საგუნდო ნამუშევარის გამო ჩემი აღფთოვანება, რის შემდეგაც დავწერე თამარ მეფის სადიდებელი და რა იქნებოდა, ეს საგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილს რომ არ შეესრულებინა სიონის საკათედრო ტაძარში და რომ ამ შესრულების დროს ტაძარში ზვიად გამსახურდია არ ყოფილიყო და არ ეთქვა მერაბ კოსტავასთვის, რომ ეს არ არის კანონიკური საგალობელიო, თან მაინცდამაინც ჩემს წინ რომ არ მდგარიყვნენ ტაძარში, წირვის დროს.
მერე იყო კონსერვატორიაში მიღებული პოლიფონიის კურსი, კომპოზიტორ არჩილ ჩიმაკაძის ხელმძღვანელობით. პარალელურად მიმდინარეობდა მალხაზ ერქვანიძის და მისი მეგობრების დაუღალავი შრომა საგალობლების შესწავლის, შესრულებისა და გამოცემისთვის.
პოლიფონიის ლექციებზე, შუა საუკუნეების ევროპული და ქართული საგალობლების მელოდიათა ხმათა მოძრაობის მახასიათებელთა მსგავსება თავიდანვე ნათლად გამოჩნდა. კითხვებიც მალევე გაჩნდა, თუ რატომ მოხდა წყვეტა ქართულ საკომპოზიტორო სკოლაში და არ გაგრძელდა ეს ხელწერა ისე, როგორც ევროპაში.
2018 წლის 27 დეკემბერს გადავწყვიტე გამეკეთებინა „მისტერია“ ღვთისმშობლის შობიდან მისივე ამაღლებამდე. დავიწყე და გავჩერდი მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქართულ საგალობელთა მუსიკალური კანონების შესწავლის შემდეგ დამესრულებინა ეს საგალობლები.
ასეთი მოცემულობის შემდეგ დამოუკიდებლად დავგეგმე კვლევის სტრატეგია, შევავსე საჭირო სანოტო მასალა და დავიწყე თავდაუზოგავი შრომა 2020 წლის 10 მაისს და დავასრულე 2023 წლის 18 აგვისტოს.
კვლევის დასრულების შემდეგ ძალიან დიდი მენტალური გადაღლა მქონდა, იმდენად, რომ საერთოდ აღარ ვგეგმავდი ამ ჩანაფიქრის განხორციელებას. შემდეგ კი, უცებ, სულ რამოდენიმე დღეში თორმეტივე საგალობელი მზად იყო.
საგალობლების შექმნისას ჩემი მთავარი საყრდენი ტექსტი იყო, რომლის გასამღერებლადაც გამოვიყენე კანონები, თუმცა შევეცადე მაქსიმალურად გულწრფელი ვყოფოლიყავი და თავს ცოტა მეტის უფლება მივეცი (რომელიც შესაძლოა შეუმჩნეველიც კი დარჩეს), ვინაიდან XXI საუკუნეში ვცხოვრობ, სხვა ხმოვან, მაგრამ დარწმუნებული ვარ იგივე ემოციურ გარემოში, როგორშიც საგალობლების შემქმნელი წინაპრები ცხოვრობდნენ.
არც კი ვიცი რამდენად სრულად წარმოვადგინე ეს ამბავი. შეიძლება ბევრი მთავარი და საკვანძო მომენტი გამოვტოვე…
თქვენი ნებისმიერი კითხვა და რეპლიკა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ გამოხატოთ თქვენი აზრი და დამოკიდებულება.
წინასწარ გიხდით მადლობას!
პატივისცემით
ნინო ჯანჯღავა