საუბრები ხელოვნებაზე

ნინო ჯანჯღავას „დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანის“ 2005 წლის დადგმის შესახებ

დღეს, როდესაც სამუსიკო ხელოვნებიდან თანდათანობით იდევნება ის ღირებულებანი, რის გარეშეც ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრება წარმოუდგენელია, როდესაც მაღალმხატვრულს მასკულტურა ცვლის, ბუნებრივად ჩნდება კითხვა არსებობს თუ არა თანამედროვე ქართული საკომპოზიტორო სკოლა და იქმნება თუ არა რაიმე იმ ტრადიციების გამგრძელებელი, რითაც ეროვნული სამუსიკო სივრცე ყოველთვის ამაყობდა, რას აკეთებს მუსიკოსთა ახალი თაობა და რას ქმნიან ისინი, ვისაც კულტურის ამ სფეროს გაძღოლის ურთულესი მისია აკისრია?

იმ მუსიკოსთა შორის, ვინც დღეს ქართულ საკომპოზიტორო სინამდვილის არსებობას განსაზღვრავს, თამამად შეგვიძლია ნინო ჯანჯღავა დავასახელოთ, რომელიც საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელია და ამასთან, ნოვატორული მიღწევებით გამოირჩევა.

კომპოზიტორის შემოქმედება მრავალფეროვანია, იგი ერთნაირად ძლიერია, როგორც სიმფონიებში, ვოკალურ, საგუნდო, საკრავიერი ჟანრის ნაწარმოებებში, კინოსა და თეატრისათვის შექმნილ მუსიკაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნინო ჯანჯღავას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი მაინც საგალობლებს, რელიგიური ხასიათის ქმნილებებს სხვადასხვა სახის საკულტო დანიშნულების ნაწარმოებებს უკავია.

ასეთი შემთხვევები ქართულ სამუსიკო ხელოვნებაში იშვიათია, იშვიათია ისიც, რომ მსგავსი მუსიკალური ფორმებით ახალგაზრდა შემოქმედი ინტერესდება, მაგრამ ნინო ჯანჯღავას ნაწარმოებების ღირსება მათი იშვიათობა კი არამედ მათი მაღალმხატვრულობაა.

ერთ-ერთი ასეთ ნაწარმოები დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის“ ტექსტზე, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიდგა (როგორც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ასეთი განსაზღვრება ამ ტიპის მუსიკალურ ნაწარმოებთან კონტექსტში). მისი პირველი მსმენელი, რბილად თუ ვიტყვით, ერთგვარი შოკის მდგომარეობაში აღმოჩნდა. მუსიკამ და საშემსრულებლო ოსტატობამ აღმაშენებლის ქმნილების ახალი წახნაგებიც წარმოაჩინა და კომპოზიტორის ხელწერაც მოულოდნებლი კუთხით გახსნა.

ცნობილმა რეჟისორმა, თეიმურაზ აბაშიძემ, მუსიკალური დრამის სპეციალობის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, როგორი რთული წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, შეძლო ამ მოვლენის ვიზუალურად გამომსახველი ფორმის მოძებნა და მნიშვნელოვანი დატვირთვა მიენიჭებინა არა მხოლოდ სპექტაკლისთვის (რომლის ჟანრის განსაზღვრა თეატრის ენაზე რთულია), არამედ თვითონ ნაწარმოების შეფარული შესაძლებლობებიც გამოემჟღავნებინა.

საგალობლის დინამიკა, მშვიდი, „გარეგნულად“ აუღელვებელი მსვლელობა იმ შინაგანი მდგომარეობის გამომხატველია, რომელსაც აღმაშენებლის ტექსტი (თემატიკიდან, სათქმელიდან, არსიდან გამომდინარე) შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ აქ არ ხდება ტექსტის პირდაპირი, ვიტყოდი, ბანალური ილუსტრირება ან მისი მუსიკაში „გადატანა“. ესაა სრულიად ახალი, მხატვრულად გამომსახველი სინამდვილე, რომელიც გაჯერებულია ავტორის ინდივიდუალური ხედვითა და მისი გამორჩეული ხელწერით.

ისიც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნინო ჯანჯღავას საგალობელი მხოლოდ ერთი ჟანრის ჩარჩოებში არაა მოქცეული. ის თავისუფლად გადმოდის საერო განზომილებაში, ისევე როგორც დავით აღმაშენებლის „გალობანი“. მისთვის დამახასიათებელი ორბუნებოვანება მუსიკალური ნაწარმოების ხასიათის განმსაზღვრელი ხდება. სასულიერო და საერო დატვირთვის შემცველობა, ადამიანის პიროვნული თვისებების, მის მიერ ნათქვამი აღსარების, ცოდვათა მონანიებისა და მეორე მხრივ, ზოგადსაკაცობრიო, უმაღლეს სულიერ შრეზე აყვანილი სფეროს ერთიანობა საგალობლის მყარის და მთლიანი სისტემის საფუძვლად იქცევა.

მუსიკა თავის თავში ატარებს შეფარულ აზრს, უამრავ ქვეტექსტს, რაც თავისთავად ჩადებულია დავით აღმაშენებლის პოეტურ-ფილოსოფიურ შედევრში, რომლის ზუსტ მუსიკალურ შესატყვის ხატს ნინო ჯანჯღავა საოცარი ოსტატობით ქმნის.

ნინო ჯანჯღავას მუსიკა მდიდარი, მოცულობითი, მყარი სტრუქტურისა და არაერთგავროვანი ხერხითაა შექმნილი, თუმცა, ამავე დროს, იგი აქტიურად და თამამად მოქმედებს თავად ჟანრს „შიგნით“. „გალობანი სინანულისანი“ ფილოსოფიური ლირიკის ჟანრის ნაწარმოებია, სადაც ამავე დროს, აშკარადაა გამოხატული ავტორის რელიგიური მსოფლმხედველობა და ამქვეყნიური ამაოებისგან განტევებისკენ სწრაფვა.

საგალობლისთვის დამახასიათებელი მრავალხმიანობა, რომელიც ცალკეული შემსრულებლის, დუეტების, ტრიოებისა და  ა.შ. ვოკალური პარტიების კავშირით იქმნება, ერთმანეთს მძლავრ გუნდად აჟღერებულ მონოლითურ ფორმად ერწყმის. ამ დინებას ცალკეული შენაკადები, მდიდარი, აქტიურად დატვირთული ფრაზები თუ სტროფები და საოცარ ჰარმონიულ მთლიანობას ქმნის.

კომპოზიტორი ითვალისწინებს ქართული საეკლესიო პოლიფონიური მუსიკის, საგალობლების კანონიკურ ფორმას, მაგრამ ისევ და ისევ, რადგან „გალობანი სინანულისანი“ შეიცავს პიროვნულ განცდას, პიროვნულ ცოდვებსა და პიროვნულ დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ, ნინო ჯანჯღავას მიერ გამუსიკებული ტექსტი, მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების მიხედვით, არ შეიძლება ტაძარში, წირვის დროს შესრულდეს.

თუმცა ამით ნაწარმოების ღირსება არანაირად მწირდება, რადგა ის უკვე თავისთავად წარმოადგენს სრულფასოვან ქმნილებას, მუსიკალური ნაწარმოების ჟანრული თუ სტრუქტურული წყობის კანონებიდან, მხატვრულად საინტერესო, მუსიკალურად დატვირთული, მდიდარი ჟღერადობიდან გამომდინარე.

ამ სამყაროს, რომელიც მსმენელს მედიტაციური გარინდების, საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალებას აძლევს და მთლიანად იპყრობს მის შეგრძნებებს, ნინო ჯანჯღავა მრავალხმიანი მძლავრი მუსიკალური დინებით ქმნის.

ნაწარმოებს ღრმა სულიერება, გახსნილობა და თავისთავადი გულწრფელი მანერა ახასიათებს. ეს თვისებები ავტორის შინაგანი სამყაროდან ბუნებრივად გამომდინარეა და შესაბამისად მსმენელზე დიდი ზემოქმედების ძალა აქვს.

სიუჟეტური ხაზის აღმავლობას მუსიკალური რიგის აღმავალი წყობა ორგანულად ეხმიანება. კომპოზიტორი ღრმად შედის დავით აღმაშენებლის სამყაროში და მსმენელსაც ამ სამყაროს აღქმის თავისებულ პირობას უქმნის. მუსიკალური თემები ერთმანეთს ცვლის, ერთიდან მეორეში გადაედინება. აქცენტირება ხდება განსაკუთრებით არსებით მომენტებზე და ბოლოს, როდესაც ყველა მიმართუ;ება თავს იყრის, გუნდის ფინალურ გალობაში სულიერება კულმინაციას აღწევს. აქ ხდება ამაღლება ყოფაზე, ყოფის ამაოებაზე, გათავისუფლება წუხილთაგან და განცდათაგან, ვაებისგან ცოდვათა გამო და იბადება რწმენის ჰიმნი, „ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან!“, სიხარულის განცდა და ნაწარმოების მაჟორულ ოდად იქცევა.

როგორც ცნობილმა ფილოლოგმა, დავით აღმაშენელის მკვლევარმა, ლაურა გრიგოლაშვილმა (ვინც, როგორც არავინ, ისე იცის დიდი მეფის შემოქმედების უმცირესი ნიუანსებიც კი) ნინო ჯანჯღავას „დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანის“ შეფასებისას აღნიშნა, მისთვის ეს მუსიკალური ნაწარმოები დავით აღმაშენებლის ქმნილების ადეკვატური აღმოჩნდა.

ლელა ოჩიაური