საუბრები ხელოვნებაზე

“ასი ასკილი”

„საავტორო სტუდია“ წარმოგიდგენთ ახალ პროდუქტს, ასკილის ჩაის სახელწოდებით „ასი ასკილი“.

ბრენდის შექმნის ისტორია ასეთია:

ჩემი ნაწარმოები სოლო ალტისა და კამერული ორკესტრისათვის „რა უდარდელად ყვავის ასკილი“ 2015 წლის მაისში შეიქმნა, რომელიც მუსიკოს გიორგი ცაგარელის იდეის განხორციელებაა, რომ ბატონი გია ყანჩელისათვის დაბადების დღის საჩუქარი გაგვეკეთებინა. რამოდენიმე ხანში ჩანაწერიც გავაკეთეთ, მაგრამ მისი საკონცერტო შესრულება ამ დღემდე ვერ შედგა. მსმენელთან დასაკავშირებლად ალტერნატიურლი გზა ასეთი გამოვნახე, რომ ასკილის ჩაისთან ერთად ტომარაში მომეთავსებინა ფურცელზე მოთავსებული QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ ნაწარმოების ბმულზე გადასვლა და მისი მოსმენა.

მე ტყეში ვცხოვრობ. გარშემო სხვადასხვა ხე, ბუჩქი, ყვავილი და ბალახია. ასკილი განსაკუთრებულია. ბევრ თვისებას აერთიანებს თავის ასებაში, არის ნაზი, ლამაზი, სურნელოვანი, მებრძოლი, აგრესიული, ღონიერი, გამძლე, მკურნალი. რაც არ უნდა შეემთხვას, როგორც არ უნდა გადაჯაგონ, მაინც ყვავის, თან უდარდელად.

ასკილი დაკრეფილია იმ ბორცვზე, საიდანაც ერთი მხრიდან კავკასიონის დათოვლილი მწვერვალები ჩანს, ხოლო მის მოპირდაპირედ აბულის ქედი.

მიირთვით ჩაი და ისიამოვნეთ მუსიკით.

თუ ნაწარმოებთან დაკავშირებით ჩემთვის აზრის გამოთქმის სურვილი გექნებათ, მომწერეთ – geocomposer@gmail.com

კეთილი სურვილებით

ნინო ჯანჯღავა