“საავტორო სტუდიის” ნამუშევრებს კიდევ ერთი, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი მიემატა. ჩაიწერა მესაყვირე პაატა ბერიძის პირველი დისკი – “Jamais-vu”. ალბომი XX და XXI საუკუნის თანამედროვე კომპოზოტორების მუსიკით არის დაკომპლექტებული. მათ შორის რამდენიმე ნაწარმოები სპეციალურად ამ ალბომისთვისაა დაწერილი. ერთ-ერთი ასეთი ნაწარმები ნინო ჯანჯღავას “უპასუხო კითხვაა”. ამ ნაწარმოების შექმნის ისტორიას თავად კომპოზიტორი მოგითხრობთ:
“რა გენიალურია, როდესაც ჩემს გარშემო ხშირად ჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიცადამიანების პატივისცემის, მათი სიყვარულის, ამოცნობის და თანაურთიერთობის ინტერესის ნიჭს ფლობენ. ხელოვნებაში სწორედ ესაა ყველა შემოქმედის მამოძრავებელი ძალა, მითუმეტეს ისეთ ხელოვნებაში, რომელიც რამოდენიმე ადამიანს აერთიანებს ამ შემთხვევაში კომპოზიტორს, მუსიკოს შემსრულებელს და ხმის რეჟისორს.
მესაყვირე პაატა ბერიძის შემოთავაზება ზაფხულში მივიღე მისთვის მცირე ხანგრძლივობის ნაწარმოები დამეწერა.
ყოველთვის მაინტერესებდა საკითხი, თუ რამდენად გადადის ადამიანის პირადი სულიერი მდგომარეობა მის ნაწარმოებებზე. ცხადია, ამის უფლება არ გაქვს, თუკი ისეთი კოლექტიური ნაწარმოების კეთებით ხარ დაკავებული როგორიცაა კინო, თეატრი ან რაიმე კონკრეტული განწყობა. პატარა კვლევა ჩავატარე, შორიდან დავუწყე საკითხს გარკვევა – როგორია უპასუხოდ დარჩენილი კითხვა?! როგორია და ღიაა! იქ ბევრი პასუხის წარმოდგენა შეგიძლია, მეტად თავისუფალს ხდის კითხვის დამსმელს, თავისუფალს და ზოგადს. აი, ასეთია სწორედ ეს პიესა, რომელიც ვფიქრობ, რომ პაატამ სწორად წაიკითხა და შეასრულა”.
ნინო ჯანჯღავა
“უპასუხო კითხვა” – საყვირი – პაატა ბერიძე, აკომპანემენტი – ნინო ჯანჯღავა. ჩაწერილია საავტორო სტუდიაში. ხმის რეჟისორი – დავით ხოსიტაშვილი.