თუკი ოდესღაც ხმის ჩაწერა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, დღეს ვეღარავის გავაკვირვებთ სახლში მოწყობილი ხმის ჩამწერი სტუდიით. ასეთი საშინაო სტუდია უკვე ბევრს აქვს მოწყობილი საკუთარ სახლში და საკმაოდ კარგ შედეგებსაც იღებენ. თუმცა, ყოველთვის არსებობს ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მცირე ბიუჯეტისა თუ საშინაო პირობების გამო ვერ ხერხდება. ამგვარი პრობლემა მრავალგვარი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აკუსტიკური ხმაურია. კითხვა მარტივია: რა შეიძლება გავაკეთო იმისათვის რომ თავიდან მოვიშორო აკუსტიკური ხმაური? ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხია – იქირავეთ პროფესიონალური სტუდია და ჩაწერეთ ხმაურების გარეშე ? .ცხადია, ეს გამოსავალი ბევრისათვის მიუღებელი იქნება. (ყველასათვის კარგადაა ცნობილი თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული მსგავსი სტუდიის დაქირავება). მაშ, რა გზა არსებობს იმისათვის, რომ მსგავსი ხმაურისგან დავიხსნათ თავი?
ხმაურის პრობლემამ შეიძლება ორ სხვადასხვა შემთხვევაში იჩინოს თავი – 1. როდესაც ვიწერთ (საშინაო) სტუდიაში და ვერაფრით ვახერხებთ მაქსიმალური სიჩუმის დონის მიღებას და 2. უკვე არსებულ ჩანაწერში მოხვედრილი ხმაურის მოცილებისას ან ძველი ჩანაწერების რესტავრაციისას.
ყველაზე ხშირად გავრცელებული აკუსტიკური ხმაურის წყარო კომპიუტერის ქულერია. აქ გამოსავალი მარტივია – მოათავსეთ თქვენი პროცესორი სხვა ოთახში ან ტიხრის მიღმა. შესაძლებელია უხმაურო “ნოუთბუქის” გამოყენებაც. სასურველია მიკროფონი სხვა ოთახში იყოს, ჩამწერი მოწყობილობა კი სხვაში.
თუკი ქულერის ხმაური არ არის ერთადერთი აკუსტიკური ხმაურის წყარო, მაშინ სხვა ხერხებს უნდა მივმართოთ. ოღონდ, უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი ხერხების გამოყენება ყოველთვის იმოქმედებს ჩანაწერის ხარისხზე, კერძოდ კი ბგერაზე და მის დინამიკაზე.
დააყენეთ მიკროფონი ჩასაწერი წყაროსგან რაც შეიძლება ახლოს. შესაძლოა თქვენ არ მოგწონდეთ “ახლო” ჟღერადობა, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ არის, შესაძლოა ამგვარმა მეთოდმა მოხსნას ხმაურის პრობლემა.
შეეცადეთ ჩასაწერი ინსტრუმენტი ან ხმა ჟღერდეს უფრო ხმამაღლა. შესაძლოა, თქვენს ჩანაწერს სულაც არ მოუხდეს ხმამაღლა დაკრული ან ნამღერი, მაგრამ ძლიერი სიგნალი მოგცემთ საშუალებას დაუწიოთ შემავალ სიგნალს და, შესაბამისად, დაიწიოს ხმაურის დონემაც.
გამოიყენეთ სპეციალური ეფექტები “Noise Gate”. რიგ შემთხვევაში ამ ეფექტს შესაძლოა კარგი შედეგიც ჰქონდეს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეფექტმა შესაძლოა მოაჭრას თქვენს აუდიო სიგნალს საჭირო სიხშირეებიც და უფრო დაამახინჯოს. ასეთ დროს სასურველია კარგად ფლობდეთ ამ ეფექტის პარამეტრებს, რომ ოპტიმალურ შედეგს მიაღწიოთ.
გამოიყენეთ სპეციალური ეფექტი – “Expander”. მსგავსად “Noise Gate” ისა, ამ ეფექტსაც შეუძლია გადაჭრას თქვენი პრობლემა, მაგრამ როგორც ყველა ეფექტი, შესაძლოა ისიც ზედმეტი დოზით აღმოჩნდეს თქვენს ჩანაწერში. ზოგადად სასურველია იცოდეთ, რომ რაც მეტი იქნება თქვენს აუდიო ჩანაწერებში მსგავსი სახის ეფექტები, მით უფრო ხელოვნური და არაბუნებრივი შეიძლება აღმოჩნდეს ჩანაწერი. მათი გამოყენებისას ყოველთვის დიდი სიფრთხილეა საჭირო.
საკმაოდ ხშირად ხმაურის გამომწვევი შესაძლოა იყოს ქუჩაში გამავალი ტრანსპორტი ან უბრალოდ ქალაქის ხმაური. ასეთ დროს ხშირია ხმაური დაბალ სიხშირეებში. პრობლემა შეიძლება “Low Pass Filter” მა (დაბალი სიხშირეების მოჭრა ეკვალაიზერით) მოხსნას, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალი სიხშირეების მოჭრით ჩანაწერს დაეკარგება “სითბო” და ყველა ის თვისება რაც ბასით “სავსე” ჩანაწერებს ახასიათებს.
მსგავსაც დაბალი სიხშირის მოჭრისა, შესაძლებელია მოიჭრას არასასურველი მაღალი სიხშირეც. ამისთვის მხოლოდ ეკვალაიზერის ფილტრის ჩართვაა საჭირო (High Pass Filter) ცხადია, ამან შეიძლება მოჭრას არასასურველი ხმაური, მაგრამ ჩანაწერი შეიძლება დაიგუდოს და არასასიამოვნო მოსასმენი გახდეს.
გარდა ფონური ხმაურებისა, არსებობს დარტყმით ტიპის ხმაურიც. მაგალითისათვის ქულერის ხმა ფონურ ხმაურად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლოდ ფეხის ხმა, მანქანის სიგნალი, ძაღლის ყეფა ან დახველება დარტყმითი ტიპის ხმაურია. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, უმჯობესი იქნება ხმაურიანი ადგილი თავიდან ჩავწეროთ, მაგრამ თუკი ეს შეუძლებელია, არსებობს საკმაოდ ძლიერი საშუალება რომელიც მსგავს ხმაურებს ჭრის. საუბარია ეფექტეს – Izotope RX ეს ეფექტი არ არის იაფი, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას საოცრებების მოხდენა შეუძლია. (ეფექტის კარგად ფლობის გარეშე, სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან ძნელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვეულებრივი ინსტრუმენტია, რომელსაც საგანგებო შესწავლა, მეცადინეობა და პროფესონალიზმი სჭირდება. ნუ შეგვექმნება ილუზია, თითქოს, ჩავრთავთ ეფექტს და ის თავად გააკეთებს საქმეს საგანგებო ცოდნის გარეშე)
მაშ ასე, ალბათ მიხვდით, რომ ჩანაწერის ხმაურისგან გასუფთავება “მსხვერლს ითხოვს”. შეუძლებელია ხელოვნური მეთოდით მოვაშოროთ ხმაური ჩანაწერს ისე, რომ მცირედ მაინც არ დავწიოთ მისი ხარისხი. ასეთ დროს ყოველთვის მოქმედებს ოქროს კვეთის პრინციპი. საჭიროა ვიპოვოთ კომპრომისი – ხარისხის მინიმალური დაზიანების ხარჯზე მივაღწიოთ სასურველ შედეგს.
P.S. თუკი საკუთარი ძალებით ვერ მოერევით ხმაურებს თქვენს ჩანაწერში, არ მოგერიდოთ ჩვენს სტუდიასთან დაკავშირება ?
ტელ: 551 772323
ელ. ფოსტა: saavtorostudia@gmail.com
მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა