აუდიო სკოლა

ხმის პრობლემა ქართულ ტელეარხებზე

Boom

არ ვიცი რამდენ ადამიანს შეუმჩნევია ის, რომ ერთიდაგიგივე გადაცემის მსვლელობის დროს საკმაოდ ხშირად გამოგვიყენებია ტელევიზორის პულტი ხმის ასაწევ-დასაწევად. ხმა ზოგჯერ ისეთი დაბალია, რომ ძნელია სიტყვების გარჩევა, ხანდახან კი იმდენად ხმამაღალი, რომ მეზობლებიც კი წუხდებიან. შესაძლოა ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდეს – საჭირო აპარატურის უქონლობა, ხმის რეჟისორის უყურადღებობა, წინასწარ ჩაწერილი აუდიო მასალის ხარისხის დაბალი დონე და სხვა.

შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ სატელევიზიო სივრცეში არსებობს როგორც ხმის რეჟისორის, ასევე ხმის ოპერატორის პროფესიაც. ხმის ხარისხი ორივე მათგანზე თანაბრად არის დამოკიდებული.

რას ნიშნავს ხმის ჩაწერა და დამუშავება სატელევიზიო ეთერისთვის? თუკი გადავხედავთ სატელევიზიო პროგრამების მთელ სპექტრს, დავინახავთ რომ ის ძალიან მრავალფეროვანია – დაწყებული საინფორმაციო პროგრამებით, თოქ შოუებითა თუ მუსიკალური გადაცემებით და დამთავრებული ლათონოამერიკული სერიალებით. ერთი შეხედვით, რა პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ კორესპონდენტის ხმის ჩაწერისას? – დააჭერინე ხელში მიკროფონი და ილაპარაკოს რამდენიც უნდა… მაგრამ, რა ვქნათ, თუკი ეს კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში გადმოსცემს რეპორტაჟს აეროპორტიდან, სადაც ეს ესაა დაჯდება თვითმფრივანი და მის გამაყრუებელ ტურბინების ხმაურს ქარის ხმაც აძლიერებს?! ხმის რეჟისორი, რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს, ვერაფერს უზამს იმ დამახინჯებულ აუდიო სიგნალს, რაც მოსდის სტუდიაში. ის შესაძლოა ძალიან კარგი სპეციალისტიც იყოს, მაგრამ ჯადოქარი ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ რეპორტაჟებისთვის არსებობენ ხმის ოპერატორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სტუდიამდე მისულ ხმაზე.

გადამღები ჯგუფის დანახვა ჩვენს თანამედროვეობაში არ წარმოადგენს დიდ იშვიათობას. ალბათ ბევრს შეგვიმჩნევია ვიდეო კამერითა და მიკროფონით აღჭურვილი სკანდალებსა და საინტერესო სიუჟეტებზე მონადირე ჟურნალისტები. ჩვენ ბევრი კარგი ოპერატორი გვყავს, რომლებიც თავს არ იშურებენ კარგი კარდის მისაღებად, მაგრამ მათ არ შეიძლება მოეთხოვოთ ასეთივე კარგი აუდიო სიგნალის ჩაწერაც, და წესით, არც უნდა იყონ ვალდებულნი იზრუნონ ამაზე. სწორედ აქ იწყება ის პრობლემები, რაც ასე თვალში საცემია ჩვენს ტელესივრცეში. ყველა გადამღებ ჯგუფს აუცილებლად უნდა ახლდეს ხმის ოპერატორიც, რომელიც აღჭურვილი იქნება საგანგებო აპარატურით, მიკროფონის “ბუმით” და ყურსასმენებით. ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ხარისხიან ხმაზე, ისევე როგორც ოპერატორი პასუხისმგებელია კარგ კადრზე. დროა უკვე “მთავარია ისმოდეს” პრინციპი ჩაბარდეს წარსულს და ტელევიზიებმა იზრუნონ იმაზე, რომ ყოველი გადამღები ჯგუფი ხარისხიანი ხმის აპარატურითაც აღიჭურვოს.

განსხვავებით ტელეაპარატურისგან, ხმის მოწყობილობები შედარებით იაფია, თუმცა, აქაც არის ხარისხობრივი სხვაობა. კარგი აპარატურა შედარებით ძვირად ფასობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გადამღებ ჯგუფს ბევრი გადაადგილება უწევს, სასურველია აპარატურა იყოს კომპაქტური, პორტატული და ავტონომიური კვებით. რაც უფრო პატარა ზომისაა ხარისხიანი აპარატურა, მით უფრო მატულობს მისი ფასი. ხმის ოპერატორის უმთავრესი ატრიბუტი მიკროფონია – ერთი ან რამდენიმე. რეპორტაჟების ჩაწერისას, ისევე როგორც კინოდოკუმენტალისტიკაში, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რესპოდენტისა თუ კონკრეტული ხმის წყაროს ხარისხიანად ჩაწერა, არამედ იმ გარემოს ხმის ზუსტი დაფიქსირებაც, სადაც ესა თუ ის აუდიო მასალა იწერება.

ხმის ოპერატორის უმთავრესი ამოცანა აუდიო სიგნალის კონტროლია. ის ვალადებულია არ დაუშვას მაღალი სიგნალის შეშვება კამერაში, ამავე დროს, აუწიოს შემავალ ხმას, თუკი რესპოდენტი ძალიან ხმადაბლა ლაპარაკობს.

ხარისხიანი ხმის მიღება შესაძლებელია, როგორც ერთი მიკროფონით, ასევე სპეციალური ორმიკროფონიანი ჩაწერის ტექნიკითაც. ამგვარ სიტუაციაში იდეალური ე.წ. Mid-Side ანუ MS ტექსნიკა. ასეთ დროს გამოიყენება ორი მიკროფონი, სადაც ერთ-ერთი მიმართული მიკროფონია, მოორე კი Figure 8 ტიპის. ხმის ჩაწერა ხორციელდება ერთდროულად ამ ორი მიკროფონით, ჩაწერის პროცესში შესაძლებელია გარეშე ხმების და პირდაპირი სიგნალის დაბალანსება ისე, რომ მაქსიმალურად ნატურალურად გაჟღერდეს ჩაწერილი სიგნალი. ამგავრი ტექნიკით ჩაწერისთვის არსებობს საგანგებო აღჭურვილობაც. მაგალითად Schoeps VMS 5 U. ცხადია, შესაძლებელია ორივე მიკროფონი ერთ “ბუმზე” დამაგრება. ამისთვის არსებობს საგანგებო მოწყობილობა.

თუკი ჩასაწერი მიკროფონი არ არის დამაგრებული სპეციალურ “ბუმზე” და ჟურნალისტს უკავია ხელში, მაშინ მისგან წამოსული სიგნალი უნდა მიიღოს ჯერ ხმის ოპერატორმა, მოახდინოს მისი საგანგებო რეგულირება და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდოს სიგნალი კამერას. ხმის ოპერატორი ასეთ დროს ჟურნალისტსა და ოპერატორს შორის შუალედუდ წრედ აღმოჩნდება ხოლმე . ის იღებს და გადასცემს აუდიო სიგნალს კამერაზე. სასურველია ეს გადაცემა დუსტანციური აპარატურით ხორციელდებოდეს, რათა ხმის ოპერატორი “მიბმული” არ აღმოჩნდეს კამერაზე. დისტიანციური გადამცემის შემთხვევაში, ის შეძლებს აუდიო სიგნალის მიწოდებას გაცილებით უფრო შორიდან, ვიდრე ამას კამერაზე შეერთებული კაბელით მოახერხებდა.

გაცილებით რთულად არის საქმე, თუკი ხმის ჩაწერა თოქ შოუზე ან ცოცხალ კონცერტზე ხორციელდება. ასეთ შემთვევაში ერთი ხმის რეჟისორი უკვე აღარ არის საკმარისი. ასეთ დროს მთელი ჯგუფი უნდა მუშაობდეს. ერთიორად იზრდება პრობლემა, თუკი შოუს ცოცხალი შესრულებაც ემატება. არსებობენ უნივერსალური ხმის რეჟისორები, რომლებსაც შეუძლიათ შოუში გამოყენებულ მიკროფონების კონტროლთან ერთად ცოცხალი მუსიკის გახმოვანებაც. მაგრამ, სხვა საქმეა, თუკი ეს ცოცხალი მუსიკა კლასიკურ სიმფონიურ ან კამერულ მუსიკას წარმოადგენს. ამგვარი მუსიკის გახმოვანებას საგანგებო ცოდნა ესაჭიროება.

ჩვენს ტელევიზიებში ბევრი კარგი ხმის რეჟისორი და სპეციალისტი მუშაობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემები მაინც ბევრია. უპირველეს ყოვლისა, ეს კონტროლისა და “ცენზურის” არარსებობაა. შესაძლოა ხმის რეჟისორი თავისი პირადი სინდისი წინაშე ვალდებულად თვლიდეს თავს მაქსიმალურად დაიხარჯოს გადაცემის გახმოვანებისას, მაგრამ როდესაც არავინ ითხოვს ხარისხს, შესაბამისი შედეგიც არ აყოვნებს. ამას შესაძლოა დაემატოს ტექნიკური ბაზის სიმწირე, არანორმალური გრაფიკი, გაუმართავი საორგანიზაციო საქმე (5 წუთით ადრე თუ იგებ რომ კონცერტი გაქვს გასახმოვანებელი, რა ხარისხიც გამოვა, ალბათ ყველა მიხვდება) და ეს ყველაფერი ერთად იწვევს იმას, რაც გვაქვს დღევანდელ სატელევიზიო ეთერში.

დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ დროის სვლასა და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების კვალდაკვალ, ამაღლდება ჩვენი ხმის რეჟისორების კვალიფიკაციაც, ტელევიზიებს დაემატებათ ხმის ოპერატორების კადრებიც და ჩვენც თბილ სავარძლებში ტელევიზორის წინ მოკალათებულნი, პულტის წვალების გარეშე, შევძლებთ ხარისხიანი გადაცემების ყურებას.

დავით ხოსიტაშვილი

19 აპრილი 2013 წელი