მსოფლიოში დაახლოებით 40 ათასამდე პროფესია არსებობს. მათ შორის იგულისხმება როგორც საზოგადოდ გავრცელებული, რომელთა გარეშე თანამედროვე საზოგადოება ვერ იარსებებდა, ასევე სპეციფიური, რომლებიც რიგ ქვეყნებში არც კი გავრცელებულა. ბევრია ისეთი პროფესიაც, რომელის შესახებაც ჩვენი საზოგადოება ან ნაკლებად ინფორმირებულია ან სტერეოტიპული მოსაზრება გააჩნია. საქმეს ათასგვარი მითი და ჭორიც ართულებს. სწორედ ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ხმის რეჟისორის პროფესიაც.
ბევრს მიაჩნია, რომ ეს შემოქმედებითი სახის პროფესიაა. დასაწყისისთვის მოდით გავარკვიოთ რას ნიშნავს “შემოქმედებითი”. კლასიკური გაგებით, შემოქმედებითი საქმიანობა ახლის, ორიგინალური პროდუქტის შექმნას გულისხმობს: მხატვრის მიერ დაწერილი ტილო ან მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ჯერ ხელოვანის თავში იშვება, უდაოდ შემოქმედების ნაყოფად შეიძლება მივიჩნიოთ. მეტიც, შენობის ან ავტომობილის დიზაინი, რაიმე ინჟინრული გამოგონებაც სწორედ ამგვარად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
არც ხმის რეჟისორის სამუშაო წარმოადგენს გამონაკლისს. აქ მრავლადაა შემოქმედებითი პროცესები. ხმის რეჟისორი ხშირად თავად იღებს მონაწილეობას მუსიკალური ნაწარმოების შედგენაში, შეიძლება მოუწიოს ფილმის ან სარეკლამო რგოლის მუსიკის მოძიება და მორგება. მან სწორედ უნდა გადმოსცეს მუსიკალური ემოცია, შექმნას განწყობა. მათ არა მარტო სტუდიებში უწევთ მუშაობა, არამედ სცენებზეც, დარბაზებში, სტადიონებსა თუ ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებსა თუ კონცერტებზე. საქმეს ის ფაქტიც ართულებს, რომ საქართველოში ერთ ადამიანს ბევრი დარგის შეთავსება უწევს. მაშინ როცა დასავლეთ ქვეყნებში ეს პროფესია კიდევ უფრო მეტ მიმართულებადაა დაყოფილი.
მაინც, რა სახის ცოდნა ესაჭიროება ხმის რეჟისორს, რათა თავისი საქმეს მაღალპროფესიონალურად გაართვას თავი? საკმარისია თუ არა იყოს ადამიანი ხელოვანი, შემოქმედი, რომ ხმის რეჟისორის პროფესიას ფლობდეს? ან იქნებ მხოლოდ ტექნიკური ცოდნაა საკმარისი?
ხმის რეჟისორის პროფესია იმდენად უნივერსალურია, რომ ის საკმაოდ ბევრ მიმართულებას იტევს თავის თავში. ამ პროფესიის ადამიანი უნდა იყოს პრაგმატულიც და შემოქმედიც. უნდა ფლობდეს სპეციფიურ ცოდნას, რაც ძალიან ხშირად ეწინააღდეგება შემოქმედი ადამიანის ნატურას.
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბგერა ფიზიკური მოვლენაა. შესაძლებელია მისი გაზომვა, სინთეზირება, კონტროლი და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ბოლო რადენიმე წელია, რაც დაიწყეს ამ დარგის პროფესიონალურ დონეზე სწავლება. თუმცა, ჩვენ ძალიან შორს ვართ იმ მაჩვენებლისგან, რაც განვითარებულ ქვეყნებში ხდება. მაგალითისვით ავიღოთ ცოდნა აკუსტიკის შესახებ. ხმის რეჟისორი ვალდებულია კარგად ერკვეოდეს აკუსტიკაში. პროფესიონალურ სასწავლებლებში ეს საგანი საკმაოდ ინტენსიურად ისწავლება. სტუდენტმა კარგად უნდა იცოდეს როგორ გაიჟღერებს, მაგალითისთვის, ტრომბონი ან საყვირი მცირე ზომის, დაბალჭერიან ან ვიწრო ფორმის ნაგებობაში. რა სახის აკუსტიკური მონაცემები გააჩნია სხვადასხვა სახის ინსტრუმენტებს, რა დისტანციაზე შეიძლება იჟღეროს ბას დოლმა ხარისხიანად ღია ცის ქვეშ გაძლიერების გარეშე და ა.შ.
რა თქმა უნდა, ხმის რეჟისორი კარგად უნდა ერკვეოდეს ტექნიკაში. წარმოიდგინეთ სცენა ან ხმის ჩამწერი სტუდია, რომელიც გატენილია უამრავი კომპრესორით, ლიმიტერით, ნაირფერი ღილაკებითა და ეფექტ-პროცესორებით. ცხადია, თუკი ადამიანი ამომწურავად არ ერკვევა მის ხელთ არსებულ აპარატურაში, პროფესიონალურ ჩაწერაზე ან გახმოვანებაზე საუბარიც ზედმეტია. გარდა ამისა, მას თავად უნდა შეეძლოს კაბელების შედუღება, ფლობდეს ელექტრო ტესტერს, ერკვეოდეს ინტერნეტ ქსელში (ზოგიერთი თანამედროვე აპარატურა სწორედ ქსელის მეშვეობით ფუნქციონირებს).
ყოველივე ამას ემატება მუსიკალური განათლება. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელსაც დავალებული აქვს ჩაწეროს მოცარტის რომელიმე საფორტეპიანო კონცერტი ან ბახის კანტატა და არ გააჩნდეს მუსიკალური განათლება?! რა თქმა უნდა, შესაძლოა ხმის რეჟისორმა განაცხადოს, რომ ის არ აპირებს კლასიკური ან ჯაზური მუსიკის ჩაწერას და როკ მუსიკაზე იქნება ორიენტირებული. მაგრამ, დამერწმუნეთ, ის ვინც მსგავს რამეს იტყვის, არც ხმის რეჟისურაში გაეგება რამე და არც როკ მუსიკაში. ან როგორ წარმოგიდგენიათ კომერციული სტუდია, სადაც მხოლოდ იმგვარ მუსიკას იწერენ, რომელსაც მუსიკალური განათლება არ ესაჭიროება?!
გარდა ამისა, სასურველია ხმის რეჟისორი ფლობდეს ერთ ან რამდენიმე მუსიკალურ საკრავს. იცოდეს ვოკალის სპეციფიკა.
ცხადია, როდესაც ხმის რეჟისორის ცოდნაზე ვსაუბრობთ, არც კომპიუტერის ცოდნა უნდა დაგვავიწყდეს. დღევანდელ დღეს წარმოუდგენელია ხმის ჩაწერა სპეციალური აუდიო პროგრამების ცოდნის გარეშე. სტუდიების დიდი უმრავლესობა სწორედ კომპიუტერების ბაზაზეა აწყობილი. შესაძლოა ვინმემ თქვას, რომ არსებობენ “აიტი” სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ სტუდიის კომპიუტერის გამართულად მუშაობა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვისაც მცირედ მაინც ჰქონია შეხება სტუდიასთან, სადაც ყოველი წუთი ძვირფასია, წარმოუდგენელია ხმის რეჟისორი გულხელდაკრეფილი იჯდეს და ელოდოს სპეციალისტს, სანამ ის მოვა და გაასწორებს გაუმართავ მანქანას.
დასასრულს, ხმის რეჟისორი უნდა ერკვეოდეს მუსიკის ისტორიაში, კარგად იცოდეს სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორის სპეციფიკა. თუკი მას უწევს ფილმის მუსიკაზე მუშაობა უნდა იცოდეს რას ნიშნავს ვიდეო მონტაჟი და, რაც ყველაზე მთავარია, იყოს გემოვნებიანი და მაქსიმალურად კომუნიკაბელური, რამეთუ ყველაზე მცოდნე ხმის რეჟისორთანაც კი წარმოუდგენელია მუშაობა, თუკი რთულია მასთან ურთიერთობა. ამ უკანასკნელ საკითხს საკმაოდ ვრცელი წერილი აქვს დათმობილი ჩვენს გვერდზე.
ჩვენ ჯერ არაფერი გვითქვამს ფინანსურ მხარეზე, რადგან, მოგეხსენებათ, ხმის რეჟისორები საკმაოდ ხშირად საკუთარი ძალებით აგებენ სტუდიებს. ყიდულობენ მიკროფონებს, სხვადასხვა სახის აპარატურას, პროგრამულ უზრუნველყოფას და ა.შ. (აპარატურას, რომელიც ყოველწლიურად ძველდება და ახლდება).
ყოველივე ზემოდთქმულის შემდეგ, თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ ხმის რეჟისორის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რთული და მაღალანაზღაურებადია. ბევრს უკვირს რატომ ღირს სტუდიური მომსახურება ან კონცერტების გახმოვანება ასე ძვირი. თუკი მსგავსი კითხვა გაუჩნდება ვინმეს, ჩვენო ძვირფასო მკითხველო, თამამად შეგიძლიათ წააკითხოთ ეს სტატია.
დავით ხოსიტაშვილი
27 იანვარი 2018 წ.