აუდიო მონტაჟის ხელოვნება ყოველთვის სუბიექტურია. მიეცით ორ სხვადასხვა ხმის რეჟისორს ერთი და იგივე სესია, იდენტური აღჭურვილობით და თქვენ ორ სრულიად განსხვავებულ შედეგს მიიღებთ. სხვადასხვა ხმის რეჟსორი კი არა, ერთსაც რომ გააკეთებინოთ ერთი სესია, ზუსტად იგივე აპარატურით, ორ სხვადასხვა დღეს, აქაც განსხვავებულ შედეგს მივიღებთ. მოსინჯეთ, ეს სახალისოც კია, მაგრამ ამავე დროს დასაფიქრებელი – მაინც, რომელია ამ ორი მიქსიდან “სწორი”?
“სწორი” მიქსი არ არსებობს, რადგან ის იმ გარემოზეა დამოკიდებული, სადაც “იმიქსება”. (მეტი ეგზისტენციალური სიღრმეებისთვის შეგიძლიათ სარტრს მიმართოთ). შესაძლოა არსებობდეს დღევანდელი ან ხვალინდელი მიქსი. შესაძლოა არსებობდეს მიქსი, რომელიც თქვენ მოგწონთ, ან მიქსი, რომელიც მოსწონს კლიენტს, მიქსი, რომელიც მოსწონს დრამერის შეყვარებულს და ა.შ. (საბოლოო ჯამში კვლავ სარტრის კრიტიკულ დიალექტიკური აზროვნების ფორმასთან გვექნება საქმე)…
არც ერთი მათგანი არ არის “სწორი”
თუკი დილით მოვისმენთ წინა ღამეს გაკეთებულ მიქსს, რომელიც იდეალური გვეგონა, აღმოვაჩენთ, რომ ის სულაც არ ყოფილა ისეთი იდეალური, როგორიც გვეგონა.
სმენითი მახსოვრობა გემოვნების წინააღმდეგ
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად განვითარებული გაქვთ მუსიკალური გემოვნება. ის გამუდმებით პროგრესირებს, მაგრამ სმენითი მეხსიერება ყოველთვის წინ უსწრებს მას.
თუკი თქვენი გემოვნება უფრო ძლიერია, ვიდრე სმენითი მეხსიერება, თქვენი გადაწყვეტილებები მიქსის დროს განსხვავებული იქნება იმისგან, რაც, დავუშვათ, წინა დღეს გააკეთეთ. და თუკი თქვენი სმენითი მეხსიერება სძლევს გემოვნებას, მაშინ მიქსის დროს იხელმძღვანელებთ დამახსოვრებულით (იმით, რაც მოგწონდათ). რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგი სმენითი მეხსიერება გაგაჩნიათ. ასეთ დროს თქვენ ცდილობთ მიქსს მისცეთ ისეთი ჟღერადობა, რაც მახსოვრობაში გაქვთ. გემოვნების ჩამოყალიბებას კი საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.
არის მომენტი, როდესაც საჭირო ხდება საკუთარი თავის შემოწმება. განვითარების რა ეტაპზე იმყოფებით ამა თუ იმ მომენტისთვის. არაფერია იმაში სასირცხვილო, თუკი ვინმეს სთხოვთ გზა მიგასწავლოთ. ასეთ დროს სწორედ სანიმუშე ჩანაწერია (Reference Track) გზის მაჩვენებელი. ანუ, რაიმე ჩანაწერი, რომელიც მაქსიმალურად დაახლოებულია როგორც ესთეტიურ, ასევე ტექნიკურ სრულყოფილებასთან.
სანიმუშე ჩანაწერი – Reference Track
სანიმუშე ჩანაწერები საკმაოდ ხშირად გამოიყენება ხმის რეჟისორებისა და პროდიუსერების მიერ. ის მეტად აადვილებს მუშაობას დამკვეთებთან. მიქსის დროსაც ხმის რეჟისორს შეუძლია მიმართოს სანიმუშე ჩანაწერს. ერთადერთი ის არის საკითხავი, რომელიც ჩანაწერი შეიძლება გამოდგეს სანიმუშედ. ნამდვილად კარგი კითხვაა…
როგორ მივხვდეთ კარგია თუ არა რაიმე ჩანაწერი, თუკი არ შევადარებთ რამე სხვას? მავანნი ხშირად სანიმუშედ იმგვარ ჩანაწერს იყენებენ, რომელსაც კომერციული წარმატება ხვდა წილად. ეს შეცდომაა, რადგან კომერციულად წარმატებული ნაწარმოები შესაძლოა საერთოდაც არ იყოს კარგი ხარისხის. “ჰიტპარადის” ტოპ ათეულში მოხვედრა არ წარმოადგენს ხარისხის გარანტს. არსებობს მუსიკოსთა და ხმის რეჟისორთა მთელი არმია, რომელთათვისაც სწორედ მათი პროდუქტია იდეალური.
გახსოვდეთ, რომ იდეალური ჩანაწერი არ არსებობს. ესა თუ ის ჩანაწერი შესაძლოა ჟღერდეს ხისტად ან სულაც საშინლად და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას უსმენდით მანამდე და რას მოუსმენთ ამ ჩანაწერის შემდეგ.
სწორი არჩევანი
როგორ გადავწყვიტოთ, რომელი ნაწარმოები გახდება სანიმუშე? ენდეთ თქვენს მეექვსე გრძნობას და არჩევანი იმ ნაწარმოებზე გააკეთეთ, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავთ. შემდეგ მოისმინეთ ის ყველგან. იქ, სადაც ამონტაჟებთ, ტელეფონში, ავტომობილში, ღამის კლუბში ან ბარში (უბრალოდ სთხოვეთ თქვენს ნაცნობ დიჯეის ჩაგირთოთ). შეეცადეთ ამ ნაწარმოების ნოტიც იშოვოთ.
ყველგან თანაბრად კარგად ჟღერს თქვენთვის? თუ ეს ასეა – ესე იგი ის ყოფილა თქვენთვის სანიმუშე ჩანაწერი. თუ არა, მაშინ ის მაინც გეცოდინებათ, რომ ეს ჩანაწერი სანიმუშედ არ გამოგადგებათ.
მოსმენის დროს შეეცადეთ დააკვირდეთ შემდეგ დეტალებს: ვოკალის დონე დასარტყამებთან მიმართებაში, სიმსუყე, სიმკვეთრე, ემოციური გავლენა. შეეცადეთ დაიმსახსოვროთ დეტალები და შემდეგ იგივე ჩანაწერს სახლშიც მოუსმინოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ჩანაწერი მოისმინოთ სადმე სხვაგანაც, მას შემდეგ, რაც მოისმენთ სახლში ან სტუდიაში. ასეთი მეთოდით თქვენ შეძლებთ შექმნათ სხვადასხვა ჟანრის სანიმუშე ჩანაწერების ბიბლიოთეკა, რომლებიც სხვადასხვა აპარატურითა და სხვადასხვა გარემოშია ჩაწერილი და დამონტაჟებული. შესაძლოა თქვენთან მოვიდეს კლიენტი და გთხოვოთ ისეთი სტილის ვოკალის ჩაწერა, რომელიც თქვენ უკვე მოსმენილი გყავთ რომელიმე კლუბში, რაც არც თუ ისე კარგად ჟღერდა. თქვენ ეს უკვე გეცოდინებათ და შესაბამის რჩევასაც მისცემთ დამკვეთს.
დასკვნა
ძალიან ცოტაა დღეს პროფესიონალთა შორის ისეთი, ვინც სანიმუშე ჩანაწერის გარეშე ამონტაჟებს მუსიკას. ადამიანის ტვინი ძალიან იოლად ექცევა გავლენის ქვეშ და ოიროდე საათი სამუშაოს შემდეგ აუცილებელია ერთგვარად სმენითი აღქმის განახლება. შესაძლოა სანიმუშე ჩანაწერით მუშაობას უფრო დიდი მნიშვნელობაც ჰქონდეს, ვიდრე კარგ მიკროფონსა თუ კომპრესორს. თქვენ შეგიძლიათ მიზანმიმართულად ჩამოაყალიბოთ თქვენი სანიმუშე ჩანაწერების ჟღერადობა. თუკი გსურთ თქვენი ჩანაწერი ჟღერდეს მსუყედ, სავსედ, სამუშაოს დაწყებამდე მოისმინეთ ამგვარი სახის სანიმუშე ჩანაწერი და შედეგი მაქსიმალურად მიახლოებული იქნება სასურველთან.
ინტერნეტ მასალებზე დაყრდნობით მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა
2015 წ.