საუბრები ხელოვნებაზე

ნინო ჯანჯღავას ქალაქური ხალხური სიმღერების ახალი ტრანსკრიფციები თბილისის სიმღერის მოყვარულთა გუნდისათვის

თბილისის სიმღერის მოყვარულთა გუნდისათვის ვმოქმედებ არა მხოლოდ როგორც ხელმძღვანელი, არამედ როგორც კომპოზიტორი და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. ისევე როგორც კინოსა და თეატრში მუშაობისას ვქმნი მუსიკას კონკრეტულად გარკვეული მოვლენის, ამბისა და ემოციების გარშემო, ასევე ვქმნი აქაც უკვე ცნობილი ნაწარმოების ინტერპრეტაციას, რომლის სირთულეც გუნდის წევრებისთვის დამხმარე იქნება გარკვეულ ეტაპზე განვითარებისა და გაძლიერებისათვის.
პროექტის ინსპირაციის წყარო გახლდათ კრებული „ქართული ხალხური ქალაქური სიმღერები“, რომელიც დაცულია საჯარო ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში და ხემისაწვდომია ყოველი თქვენგანისათვის. კრებული შედგენელია არჩილ მშველიძის მიერ და გამოცემულია 1970 წელს თბილისში სსრ კავშირის მუსიკალური ფონდის საქართველოს განყოფილების მიერ. ჩემი აზრით, ეს კრებული დიდწილად სწორად გადმოსცემს XX საუკუნის პირველი ნახევრის ქალაქის გარკვეული ნაწილის მუსიკალურ ყოფას.
კრებულის შემდგენელისსავე წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, რომ ქართული ქალაქური ხალხური მუსიკალური შემოქმედება მუსიკალური საზოგადოების მიერ იმიტომ იყო უყურადღებოდ დარჩენილი, რომ ქართველ მუსიკოსთა წრეებში ყოფილა გაბატონებული აზრი, რომელიც ქალაქურ ხალხურ მუსიკას მოიაზრებდა ჩვენი სულიერი კულტურის ხორცმეტად, ხოლო უკეთეს შემთხვევაში – მეორეხარისხოვან მუსიკალურ მემკვიდრეობად, რომელსაც არ გააჩნდა გამოხატული ეროვნული სახე და ელფერი. სწორედ ამის გამო კომპოზიტორები, რომლებმაც თავიანთი საკომპოზიტორო მოღვაწეობა საბჭოთა პერიოდში დაიწყეს, შეგნებულად ერიდებოდნენ თავიანთ ნაწარმოებებში ქალაქური ხალხური მუსიკის გამოყენებას. ისინი მხოლოდ სოფლური ცეკვებისა და სიმღერების მელოდიების გამოყენებას მიმართავდნენ, ეს კი საბჭოთა კრიტიკოსების აზრით საბოლოოდ აფერხებდა ქართული საბჭოთა პროფესიული მუსიკის შემდგომ ზრდა-განვითარებას. ამ კონცეფციის მცდარობაში დასარწმუნებლად ა. მშველიძე მოგვიწოდებს, რომ გადავხედოთ ზ. ფალიაშვილის, დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის და ვ. დოლიძის შემოქმედებას, მათ ლამაზ სასიმღერო და საცეკვაო მელოდიებს.
წინასიტყვაობის ავტორის და მისი თანამედროვე საბჭოთა მუსიკოსების დიდ ინეტერსს წარმოადგენდა ის, რომ ამ მუსიკალურ მემკვიდრეობას ადგილი დაეკავებინა ქართული ეროვნული კულტურის საგანძურში. ქალაქური სიმღერების პროპაგანდის მიზნით 1944 წელს გამოცემულ იქნა ნაშრომი „ქართული ხალხური სიმღერები“ სამტომეულის სახით, შედგენილი გრ. ჩხიკვაძის მიერ. ნაშრომს დართული აქვს ქართული ქალაქური სიმღერების ისტორიის მიმოხილვა და კომენტარები, რომელთა ავტორებიც არიან: მ. ბალაკირევი, პ. სიალსკი, მ. იპოლიტოვ-ივანოვი, დ. არაყიშვილი, ი. კარგალეთელი, კ. ფოცხვერაშვილი, ნ. კლენოვსკი, ალ. ოჰანეზაშვილი და სხვ. ასევე შეტანილია ავსტრიელი ფოლკლორისტის რ. ლახის პირველი მსოფლიო ომით დათარიღებული (1914-1918 წწ.) ჩანაწერები.
ძველ თბილისურ ცალხმიან სიმღერებს აშუღური კულტურის მიმდევრები, მესაზანდრეთა და მედუდუკეთა დასტები ასრულებდნენ. ა. მშველიძის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ ისინი სპარსული, თურქული და აზერბაიჯანული კულტურის წარმომადგენლები იყვნენ, ფლობდნენ ქართულ ენას, მაგრამ ხშირად ამახინჯებდნენ სიმღერის ცალკეულ სიტყვებს, ფრაზებს, და ზოგჯერ მთლიანად ტექსტს.
ქართველი კომპოზიტორების პოზიცია, რომ აერიდებინათ საკუთარ შემოქმედებაში „ქალაქური მუსიკის“ გამოყენება, უსაფუძვლო არ აღმოჩნდა. ეს მუსიკა შედგება მთელი რიგი ისეთი ელემენტებისგან, რომლებიც კონკრეტულად წარმოადგენს აზიური მუსიკის დამახასიათებელ ფიგურაციებს, მაგალითად, როგორიცაა მხოლოდ თურქული ან სპარსული მუსიკისთვის დამახასიათებელი ორნამენტიკა და გადიდებული სეკუნდა. მეორე გავლენის სფერო, რომელიც ცოტა მოგვიანებით შემოვიდა იტალიასა და რუსეთიდან იყო: პარალელური ტერციებით მოძრაობა ზედა ხმებში, ტონიკა-დომინანტური დამოკიდებულება კადანსებსა და მთელს სასიმღერო სტრუქტურაში, და მთლიანად ნაწარმოების მკაფიოდ დიფერენცირებული რიტმულ-მეტრული სტრუქტურა.
კრებულის 1970 წლის გამოცემის წინასიტყვაობის ავტორი ამტკიცებს, რომ ეს პროცესი არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს მუსიკალურ შემოქმედებაზე ასახულ გავლენად და რომ ამ ყოველივეს ფესვები გაცილებით შორეულ ისტორიაში და ქართველი ხალხის „თავისებურ სულიერ ცხოვრებაში“ უნდა მოვიძიოთ.
დღევანდელ საქართველოს გაცილებით მარტივად შეუძლია ამ მოვლენას მიუჩინოს საკუთარი ადგილი, მიუხედავად მისი ბუნებისა, რომელიც ცალსახად წარმოადგენს დამპყრობელ ქვეყანათა მუსიკალური გავლენების ნაზავს.
შესაძლებელია, რომ ეს სიმღერები მსმენელისათვის მიმზიდველიც კი გახდეს, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კრებულში წარმოდგენილი მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის XX საუკუნის პირველი ნახევრის, არც მეტი და არც ნაკლები, ისტორიული მემკვიდრეობაა.

პატივისცემით და დიდი სიყვარულით,
ნინო ჯანჯღავა