ქართული ქალაქური სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მუსიკალური ჟანრია, რომელიც დღეს მედია სივრცეში, დარბაზებსა თუ სოციალურ ქსელებში ჟღერს. ამ სტილის გახმოვანების და ჩაწერის მრავალწლიანი გამოცდილება და ტექნიკური ბაზის დახვეწა მეტნაკლებად მისაღებად აწვდის მსმენელს მომღერალ-მუსიკოსების შემოქმედებას.
ხშირ შემთხვევაში, სატელევიზიო თუ სასცენო გახმოვანების ფორმატი მხოლოდ ინდივიდუალური დინამიურ მიკროფონებით ჩაწერას თუ გახმოვანებას ითვალისწინებს. ძალიან იშვიათია ქალაქური სიმღერის კონდენსატორული მიკროფონებით გახმოვანება, რომ არაფერი ვთქვათ გიტარის სტერეო ჩაწერაზე. ამას ემატება აგრესიული (სატელევიზიო) “პროცესინგი” და ჩვენ ვიღებთ იმას, რაც მუდმივად გვესმის რადიოსა თუ ტელევიზიის მეშვეობით. კერძოდ კი: სიღრმეს მოკლებული, ერთ სიბრტყეში მოქცეული, დაბრტყელებული, ერთფეროვანი შესრულებები, სადაც დინამიური დამუშავება იმდენად აგრესიულია, რომ რთულია იმის გარჩევა სად არის პიანო და სად ფორტე. სრულებით უგულებელყოფილია ჩანაწერის სიღრმისა და სივრცის აღქმა. ამგვარი ჩანაწერები უკვე იმდენად ბევრია ჩვენს სმენად გარემოში, რომ ერთგვარ კლიშეთაც კი ჩამოყალიბდა. თითქოსდა ქალაქური მუსიკის ხმოვანება სწორედ ასეთი უნდა იყოს და უკეთესი ხარისხი არც არის საჭირო.
ცალკე შეიძლება ვისაუბროთ აკომპონემენტზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში გიტარის თანხლებითაა. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, აქ არამარტო საშემსრულებლო ხელოვნების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე (რატომღაც მიღებულია, თითქოს ქალაქური სიმღერის შესრულებას არ ესაჭიროება დახვეწილი ბგერა და საშემსრულებლო ოსტატობა), არამედ ხარისხიანად ჩაწერა-გახმოვანების მონდომების უგულებელყოფაც. მთავრი ხომ სიმღერაა და აკომპანემენტის ხარისხი შეიძლება უკანა პლანზე იყოს გადაწეული?!
არადა, რამდენად საინტერესო და გემოვნებიანი შეიძლება გახდეს ქალაქური სიმღერის ჟღერადობა თუკი დაცული იქნება ჩაწერისა თუ გახმოვანების ელემენტარული წესები.
უპირველეს ყოვლისა აქ იგულისხმება ანსამბლის ყველა წევრის ერთ ხმოვან სივრცეში მოქცევა. ხშირია იმგვარი ჩანაწერები, სადაც ხმები ერთ სივრცულ გარემოშია მოქცეული, გიტარისტი კი თითქოს სხვა ოთახში ზის. ამის გამოსწორება ძალიან მარტივად მიკროფონების თუნდაც ერთი სტრეო-წყვილის დამატებით არის შესაძლებელი. ანდა თუ დამატებითი მიკროფონების საშუალება არ არის, ინსტრუმენტის იმგვარი დისტანციიდან აღება, რომ ის ისეთსავე სივრცულ გარემოში აღმოჩნდეს, როგორშიც მომღერლები არიან. აკუსტიკური გიტარის ხმა მხოლოდ მე – 12 ლადიდან 2-3 სანტიმეტრში არსებული ხმა არ არის. მისი სრულფასოვანი ჟღერადობა მთელი კორპუსის აკუსტიკურ ვიბრაციაზეა დამოკიდებული. მაშ რატომღა ვუდგამთ მიკროფონს ასე ახლოს? მეტი იზოლაცია რომ გვქონდეს ვოკალებისგან? ჯერ ერთი, უნდა ვიცოდეთ, რომ ამგვარი ჩაწერის დროს არ უნდა გამოვიყენოთ ფართოკუთხოვანი “კარდიოიდა”… გარდა ამისა, რა მოხდება თუკი გიტარის მიკროფონში მცირე დოზით შევა ვოკალიც? განა ისინი ერთ სივრცეში არ ასრულებენ სიმღერას? აჰ, უკაცრავად, შეცდომის შემთხვევაში ვერ შეძლებენ ტონის კორექციას?! ნუ, ასეთ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ კატეგორიულად გაუმართლებელი… იმედია, ხვდებით რატომაც…
შესაძლოა ბევრს გაუჩნდეს კითხვა, როგორ მივიღოთ სასურველი ჟღერადობა კონდენსატორული მიკროფონებით გახმოვანებისას, თუკი ვაწყდებით ე.წ. ფიდბეკის პრობლემას. მეგობრებო, მეეჭვება ამ სტატიის მკითხველს თუნდაც ერთხელ არ ჰქონდეს გაგებული პერსონალური მონიტორის არსებობის შესახებ, როდესაც მუსიკოსს სასცენო მონიტორი წინ კი არ უდგას, როგორც ეს ზოგადად არის გავრცელებული, არამედ ყურში აქვს მოთავსებული. ამგვარი სისტემები უკვე იმდენად არის გავრცელებული მუსიკალურ სამყაროში, რომ მათი შეძენა აღარ არის ფინანსურ სირთულესთან დაკავშირებული და არჩევანიც საკმაოდ დიდია.
ზოგადად, მსგავსი ანსამბლების ჩაწერა-გახმოვანებას უნდა მივუდგეთ, როგორც აკადემიურ ჟანრს. კლასიკური მუსიკა არასოდეს იწერება დინამიური მიკროფონებით და მთავარი ჩამწერი საშუალება კონდენსატორული მიკროფონების სტერეო წყვილია.
გაუმართლებელია იმგვარი მიდგომა, თუკი უკეთეს ხარისხზე არ არის მოთხოვნილება და რაკი ისედაც მოსწონს მსმენელს, რატომ უნდა დავხარჯოთ მეტი რესურსი, დრო და ენერგია?! უპირველეს ყოვლისა, ჩვენ საკუთარი თავისადმი უნდა ვიყოთ მომთხოვნები. მუდმივად უნდა ვისწრაფოდეთ ხარისხის გაუმჯობესებას. უნდა ვზრუნავდეთ მსმენელის გემოვნებაზე და განუწყვეტლივ ვაჩვევდეთ ხარისხიან მუსიკას.
დავით ხოსიტაშვილი
2023.