არასოდეს ვყოფილვარ ძლიერი ამბების მოყოლაში. ამას განსაკუთრებული ნიჭი უნდა და შესაძლოა ვერც გავბედავდი რომ არა ერთი უცნაური დამთხვევა.
ჰოლანდიაში მომიწია გამგზავრება აუდიო ჩაწერებზე. უფრო სწორედ, დამპატიჟა მეგობარმა, ხმის რეჟისორმა, რომელსაც რამდენიმე ჩაწერა ჰქონდა და გამოთქვა სურვილი ეს ჩაწერები ერთად განგვეხორციელებინა. Guido Tichelman (გიდო ტიხლმან) ასე ჰქვია ჩემს მეგობარს, რომელმაც დამპატიჟა. ის ძალიან კარგი ხმის რეჟისორია, დიდი ხანია უკვე იწერს კლასიკურ მუსიკას და მეც მქონდა ბედნიერება მასთან ერთად მემუშავა რამდენიმე კარგ პროექტზე. მათ შორის იყო ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი 2011 წელს, მოცარტის საფორტეპიანო კონცერტის ჩაწერა კახიძის ცენტრში 2014 წელს და ა.შ. ჩემთვის მასთან ურთიერთობა ყოველთვის დიდი გაკვეთილია და სწორედ ამიტომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ მოწვევას, გავემგზავრე კიდეც.
ამსტერდამის ერთ ლამაზ ქუჩაზე, მდინარე ამსტელის ერთ-ერთი არხის ნაპირას, ლამაზი, ტრადუციულ სტილში ნაგები სახლი დგას. ამ სახლში ცხოვრობს კლარნეტისტ ლევან ცხადაძისა და პიანისტ ნინო გვეტაძის ოჯახი. მე და გიდოს არაერთხელ გვითანამშრომლია ლევანთან. სწორედ ის არის თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის ორგანიზატორი, სულის ჩამდგმელი და აქტიური შემსრულებელიც. ორი კვირით ჰოლანდიაში ჩასულ ქართველს მონატრებულ ხინკალზე დაპატიჟება ნამდვილად არ უნდა გამომეტოვებინა, მით უმეტეს, რომ მის მომზადებას თავად ლევან ცხადაძე აპირებდა. ამოვიიღლიავე თბილისიდან წამოღებული ჭაჭა და ლევანის სახლს მივაშურეთ. ხინკალი მართლაც გემრიელი გამოუვიდა. კი წუწუნებდა ცომი ოდნავ სქელი მომივიდაო, მაგრამ კლარნეტისტის კვალობაზე ნამდვილი შედევრი იყო.
გაჩაღდა საუბარი ხან პრობლემებზე, ხან წარმატებებზე. ნამდვილად გვაკლდა ნინოს კამპანია, რომელიც მიუნხენში იმყოფებოდა გასტროლით. ვისაუბრეთ მუსიკაზეც, კომპოზიტორებზე და ბოლოს პიანისტებს მივადექით. ლევანმა გვითხრა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ცნობილ პიანისტ მარია ჟოაო პირესს კონცერტი უნდა ჰქონოდა კონცერტღებაუში. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო ის ვერ ახერხებდა კონცერტზე გამოსვლას და მისი შესაცვლელად ნინო გვეტაძესთვის დაურეკავთ. სწორედ იმ დღეს ნინოს კონცერტი ჰქონია უნგრეთში და იძულებული იყო უარი ეთქვა. ამ მომენტში გიდომაც გაიხსენა, რომ მისი დედა (პიანისტი და ფორტეპიანოს პედაგოგი) აპირებდა მარიას კონცერტზე დასწრებას და მოუწია სხვა პიანისტის მოსმენა. გიდო იხსენებდა, რომ დედას არ მოსწონებია მარიას შემცვლელი.
ვცდილობდი გამეხსენებინა საიდან მახსოვდა მარია პირესის სახელი. ვიცოდი, რომ არასოდეს მომისმენია მისი დაკრული, თორემ ნამდვილად დამამახსოვრდებოდა. ის ხომ მოცარტის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად არის დასახელებული… მოგვიანებით გამახსენდა ერთი პატარა 5 წუთიანი ამონარიდი ფილმიდან, სადაც მარია პირესის ღია რეპეტიციაზე ორკესტრი სრულიად სხვა ნაწარმოების დაკვრას იწყებს. შესაძლოა ბევრ თქვენთაგანს კიდეც ჰქონდეს ნანახი ეს ვიდეო.
აქ კარგად არ ჩანს რა ხდება გარშემო. დირიჟორს პირსახოცი აქვს კისერზე მოხვეული, ისინი საუბრობენ დაკვრის მომენტში… როგორც მოგვიანებით გაირკვა, დარბაზში ზის დაახლოებით 1500 მსმენელი. მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის გადაღება. ორკესტრი იწყებს მოცარტის კონცერტს, რომელსაც არ მოელის მარია. ჯერ შოკი, შემდეგ კი საოცარი მობილიზაცია და უშეცდომოდ, ზეპირად დაკრული კონცერტი. მე ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა ნანახი ეს ვიდეო და მისი სახელის ხსენებამ ხელახლა ამომიტივტივა იგი მეხსიერებაში. გიდომ ღიმილით გადმომხედა როდესაც ამ ვიდეოზე დავიწყე საუბარი და მომიყვა:
“კონსერვატორიას ვამთავრებდი. დიპლომისთვის კარგი ჩანაწერი მჭირდებოდა. სწორედ ამ დროს შევიტყვე რომ პიანისტი მარია ჟოაო პირესი მართავდა კონცერტებს ამსტერდამის კონცერტღებაუში. მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე უკვე დიდი ხანი მუშაობდა ერთ-ერთი კომპანია. მე მივედი და შევთავაზე, რომ უფასოდ ჩავუწერდი რომელიმე კონცერტის ხმას, რაზეც ისინი სიხარულით დამთანხმდნენ. თუკი სადმე ვინმეს რამე აპარატურა ან მიკროფონი გააჩნდა ყველას ვთხოვე დახმარება. მე არაფერი გამაჩნდა გარდა ორი მიკროფონისა და ერთი დატ მაგნიტოფონისა. ავაწყე აპარატურა და მერე მოხდა ის, რაც მოხდა შენს მიერ ნანახ ვიდეოში”.
აღმოჩნდა, რომ ის ვიდეო, სადაც მარია ჟოაო პირესი უკრავს სხვა კონცერტს ნაცვლად მომზადებულისა, სწორედ გიდო ტიხლმანის ჩაწერილია და ეს ყველაფერი ლევან ცხადაძის სახლში ხინკლის ჭამის დროს გაირკვა.
დავით ხოსიტაშვილი
2015 წ.