რა გზას გადის მუსიკა შექმნიდან საბოლოო შედეგამდე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე დეტალის დაზუსტებაა საჭირო: რა სახის მუსიკაზეა საუბარი? რომელი ინსტრუმენტის თანხლებით შეითხზა მაწარმოები (იქნებ საერთოდ არცერთი ინსტრუმენტი არ მონაწილეობდა მისი შექმნისას)? რა ჟანრის მუსიკაა? როგორი ჟღერადობა აქვს წარმოდგენილი ავტორს? იქნებ არც აქვს წარმოდგენილი და ეს პროდიუსერს ან არანჟირების შემსრულებელს აქვს დავალებული? ცოცხალი ინსტრუმენტული მუსიკა იქნება საჭირო აკომპანემენტისთვის, თუ ელექტრონული? იქნებ ყველაფერი ერთადაა საჭირო – აკუსტიკურიც, ელექტროც და სიმფონიური ორკესტრიც? სავსებით შესაძლებელია სიმღერა დაწერილი აკუსტიკური გიტარის თანხლებით, სწორედ ასეთივე სახით ჩაიწეროს და მას ისეთივე წარმატება ხვდეს წილად, როგორც სხვა ნებისმიერი ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებს. ჩვენ ბევრი მუსიკალური შედევრი ვიცით, რომელიც არ გამოირჩევა ჩაწერის იდეალური ხარისხით. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ჩაწერას ვერ ავცდებით, თუკი მხოლოდ კონცერტზე შესრულება არ გვაქვს დასახული მიზნად.
დავიწყოთ მუსიკის შექმნის მომენტიდან. როდესაც შთაგონებული მუსიკოსი ქმნის მუსიკალურ ნაწარმოებს, შესაძლოა ამ მომენტში არც კი უფიქრდება როგორი იქნება ამ სიმღერისა თუ კომპოზიციის საბოლოო სახე. პროფესიონალ კომპოზიტორებსა თუ მუსიკის ავტორებს (ეს ორი პროფესია განგებ გავმიჯნე) წინასწარ „ესმით“ მათი ნაწარმოები. ეს გაცილებით აადვილებს საქმეს, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც მუსიკის ავტორი მოდის სტუდიაში რაიმე მელოდიის ღიღინით და სთხოვს სტუდიის მომსახურე პერსონალს ეს ღიღინი სრულყოფილ მუსიკალურ ნაწარმოებად აქციონ. აი, სწორედ აქ იწყება გაურკვევლობა და პრობლემები.
ასეთ დროს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი: ნაწარმოების ცოცხლად შესრულების შესაძლებლობა. ჩვენს რეალობაში იმდენად მივეჩვიეთ ფონოგრამაზე ნამღერი სიმღერების მოსმენას, რომ მსგავსი კითხვა აღარც კი იბადება. არადა, სიმღერა, რომლის სცენაზე ცოცხლად შესრულება შეუძლებელია, ნახევრად ცოცხალის ან ცოცხალ-მკვდარის შთაბეჭდილებას ტოვებს. ელექტრონული მუსიკის პროფესიონალი ავტორებიც კი ცდილობენ მაქსიმალურად ცოცხლად მიაწოდონ მსმენელს საკუთარი მუსიკა. რთულია ვუწოდოთ ადამიანს ან ჯგუფს მუსიკოს-შემსრულებელი, თუკი ის სტუდიიდან არ გამოდის და არ ცდილობს საკუთარი შემოქმედება ცოცხლად წარუდგინოს საზოგადოებას (ეს არა მარტო ვოკალს, არამედ ზოგადად მთელ მუსიკალურ ნაწარმოებს ეხება, რამეთუ მავანთ მინუსზე ნამღერიც ცოცხალ მუსიკად მიაჩნიათ).
მაინც რა სახით უნდა წარსდგეს მუსიკის ავტორი სტუდიაში? ასეთ დროს მან უნდა გაითვალისწინოს, რომ სტუდიაში მას ე.წ. სესიურ მუსიკოსებთან, ორკესტრანტებთან, არანჟირების ოსტატებთან და ხმის რეჟისორებთან ექნება საქმე. მას უნდა შეეძლოს საკუთარი იდეის მიტანა ისე, რომ საბოლოო ჯამში მისი მუსიკის ჩაწერა მოხდეს და არა სხვისი. უნდა აცნობიერებდეს, რომ მუსიკოსებს, ვინც დაუკრავს მის მუსიკას აუცილებლად დასჭირდებათ ნოტი, კლავირი, ტაბულატურა, პარტიტურა, სიმღერის ტექსტი და ა.შ.
ავტორმა წინასწარ უნდა იცოდეს დაახლოებით რა სახის ჟღერადობა ექნება მის ნაწარმოებს. უნდა ერკვეოდეს ჟანრებში, ასხვავებდეს მუსიკალურ საკრავებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ავტორებს ამ საქმეში მუსიკალური პროდიუსერები ეხმარებიან. ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ ამგვარი რამ დიდ იშვიათობას წარმოადგენს. როგორც წესი, მუსიკალური ჟღერადობის (ე.წ. საუნდის) ჩამოყალიბება მეტად ქაოტურ და დაუგეგმავ ფორმას ღებულობს. პრობლემა მდგომარეობს იმაშიც, რომ პროდიუსერის მიერ მოთხოვნილი ჟღერადობის მიღება სტუდიაში შესაძლოა პრობლემატური აღმოჩნდეს.
მეტად მნიშვნელოვანია რეპეტიციის აუცილებლობა. კარგად მომზადებული შემსრულებელი წარმატებული ჩაწერის საწინდარია. ალბათ ხშირად გვსმენია ასეთი ფრაზა – სტუდიაში ჩაწერა უფრო რთულია, ვიდრე კონცერტზე შესრულება. ორივე შემთხვევა მუსიკოსის მაქსიმალურ მომზადებას საჭიროებს. რა თქმა უნდა არიან შემსრულებლები, რომლებიც სტუდიაში ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში, მაგრამ, დამერწმუნეთ, ხშირი რეპეტიცია და მიზანმიმართულად, კარგად მომზადებული მუსიკოსი ყოველთვის მაღალ დონეზე შეძლებს ნებისმიერი სირთულის მუსიკის ჩაწერას. ბევრს მიაჩნია, რომ მეტრონომზე დაკრული ნაკუწ-ნაკუწ ჩაწერილი მუსიკა იოლი ჩასაწერია და მართალიც არის, ხეირიანად დაკვრაც რომ არ იცოდეს მუსიკოსმა, დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობები (და ხმის რეჟისორის მოთმინება) იმდენად მაღალია, რომ შედეგის მიღება ყველა ვარიანტშია შესაძლებელი, მაგრამ რამდენად „ცოცხალი“ გამოვა ეს ჩანაწერი? რამდენად ექნება ენერგია, სუნთქვა და მუსიკისთვის საჭირო სხვა მახასიათებლები?! სამწუხაროდ, ამაზე ბევრი არ ფიქრობს. ნაწარმოების სისავსე მხოლოდ დიდი ნაწყვეტების შეუჩერებელად დაკვრითაა შესაძლებელი. ამას კი კარგად მომზადება და ბევრი რეპეტიცია ესაჭიროება. ხშირ შემთხვევაში„კვანტიზაციაც“ კი, რომლის გარეშე დღეს ციფრული ჩაწერა თითქმის არ ხდება, ცუდ შედეგებს იძლევა და შესაძლოა მუსიკა მონოტონური, უსიცოცხლო და უენერგიო გახადოს.
დღევანდელ დღეს ჩვენს რეალობაში მუსიკოს-შემსრულებლებლად ხმის რეჟისორები არიან გადაქცეულნი. ისინი ასწორებენ მომღერლების დეტონაციებს, ასწორებენ ტონს, ათასგვარი ეფექტებით „ალამაზებენ“ და აშალაშინებენ ხმას. აბა, მოსთხოვეთ ამ მომღერალს ცოცხლად შეგისრულოთ სტუდიაში ჩაწერილი სიმღერა. შედეგად მიიღებთ დეტონირებულ, შეცდომებით სავსე, უსახურ შესრულებას. გამართლება კი ყოველთვის ერთია: „ხმაზე არ ვარ“ ან „არაფერი მესმოდა“… რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იქნება, თუკი მუსიკოსი არ იმუშავებს საკუთარ თავზე. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ბევრ შემსრულებელს ინსტრუმენტის აწყობის პრობლემაც კი აქვს. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩანაწერებზე და ჩვენი მუსიკალური სივრცე ივსება ნაცოდვილარ-ნაწვალები ჩანაწერებით, სადაც ღამენათები ხმის რეჟისორის დახარჯული ენერგიის გარდა არაფერი ჩანს. ცალკე ამბავია საბავშვო ჩანაწერები, რომელზე საუბარსაც ამჯერად თავს შევიკავებ…
წარმოუდგენლად მიმაჩნია იმგვარი სიმღერის ჩაწერა, რომელიც რეპეტიციისას თავიდან ბოლომდე არ დაკრულა. სტუდიაში შესვლა დაუშვებლად მიმაჩნია მანამდე, სანამ ყველა მუსიკოსს კარგად არ ეცოდინება საკუთარი პარტია. უნდა იცოდეთ, რომ ყოველი დაუმუშავებელი ან გაურკვეველი ტაქტი, სტუდიაში დახარჯული დამატებითი დროა. დრო კი, მითუმეტეს ხმის ჩამწერ სტუდიაში, ფულია. ყველაზე მიღებული და გამართლებული მეთოდი სტუდიაში ჩაწერამდე, დემო ჩანაწერის გაკეთებაა. ყველაზე პრიმიტიული ჩამწერიც კი გამოდგება იმისთვის, რომ მუსიკოსებმად კარგად დაინახონ საკუთარი შეცდომები, ადგილები, რომლებიც დახვეწას და დამუშავებას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩასაწერი ნაწარმოების ფორმის წინასწარ განსაზღვრა, რომ სტუდიაში ჩაწერისას არ მოხდეს კამათი მისამღერი ერთხელ უნდა იყოს თუ ორჯერ…
და აი, დადგა დრო, როდესაც ყველა მუსიკოსმა უშეცდომოდ ისწავლა საკუთარი პარტია. თუმცა, მანამდე, სანამ გადაწყვეტენ სტუდიასთან შეთანხმებას და დროს დათქვამენ, საჭიროა გადაწყვიტონ ჩაწერის თანამიმდევრობა. უნდა განისაზღვროს რამდენი დრო დასჭირდება თვითეულ მუსიკოსს პარტიის სრულყოფილად ჩასაწერად. როგორი უნდა იყოს ნაწარმოების ტემპი, საკრავების მდგომარეობა, წყობა, სიმები და ა.შ.
სტუდიაში ჩაწერის დაწყებამდე აუცილებელია ზუსტი ტემპის შერჩევა. ზოგიერთ მუსიკოსს მიჩნია, რომ მეტრონომზე ჩაწერილი მუსიკა უსიცოცხლოა და ენერგია აკლია. მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ზუსტი ტემპის შენარჩუნება მთელი ნაწარმოების მანძილზე ძალიან რთულია. არც მუსიკოსები არიან ისეთი გაწაფულები, რომ მეტრონომის გარეშე შეუცდომლად ჩაწერონ რითმული ნაწილი. სწორედ ამიტომ, მეტრონომზე ჩაწერა სამწუხარო აუცილებლობას წარმოადგენს. დამატებით ამისა, არსებობს ისეთი არპეჯიატორული ტიპის ხმები, რომელთა სიზუსტე შეუძლებელია მეტრონომის არსებობის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში მუსიკოსები მეტრონომის ავტომატიზაციის ხერხს მიმართავენ და უმნიშვნელოდ აჩქარებენ ნაწარმოებს მსვლელობის განმავლობაში. კონცერტზე ასეთი აჩქარება ბუნებრივად ხდება და ხშირად უხდება მუსიკას, შესაბამისად მსგავსი მიდგომა ხშირად ამართლებს. ოღონდ ეს ამბავი ფრთხილ მიდგომას საჭიროებს, რომ ეს აჩქარება ზომაზე მეტი და არაბუნებრივი არ გამოვიდეს.
ჩაწერის განმავლობაში აუცილებელია გარკვეული დრო დაეთმოს ყოველი ინსტრუმენტის ჟღერადობის შერჩევას. უნდა იცოდეთ, რომ ხმა, რომელსაც დააყენებთ თავდაპირველად აღარ უნდა შეიცვალოს. მითუმეტეს თუკი რამდენიმე სიმღერის ან ალბომის სრულად ჩაწერას აპირებთ. დაიმახსოვრეთ და დანიშნეთ მიკროფონების პოზიცია, რათა შემთხვევით გადაადგილების შემთხვევაში შეძლოთ საჭირო პოზიციაზე დაბრუნება. ეს ეხება ეფექტების პრესეტებსა და სატრიალებელ მარეგულირებლებსაც.
ჩაწერის დროს უმთავრესი ამოცანა მუსიკალურობის, ერთინობის და ენერგიის შენარჩუნებაა, რაც ცხადია, მხოლოდ ერთდროულად დაკვრის შედეგად მიიღება. ძვირადღირებულ სტუდიებში, სადაც დასარტყამს ცალკე ოთახი აქვს გამოყოფილი, შესაძლებელია ნაწარმოების ერთდროულად ჩაწერა. ასეთი ჩაწერის დროს მუსიკოსები საგანგებო ტიხრებით არიან განცალკევებულები, რათა ინსტრუმენტის ხმები არ შევიდეს სხვა მიკროფონებში. აქ კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი სახის ჩაწერა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუკი ბენდი სათანადოდ არის მომზადებული და წევრებს უშეცდომოთ შეუძლიათ შეასრულონ მთელი ნაწარმოები. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცალკეული ინსტრუმენტების კორექტირების შესაძლებლობა ასეთი ჩაწერის დროს დიდ სირთულეს წარმოადგენს და ასეთი მეთოდით მხოლოდ მაღალი კლასის პროფესიონალები იწერენ. ასეთ დროს ცალკე ოთახში მღერის ვოკალისტიც, ოღონდ ვოკალის ჩაწერის სირთულის გამო, ხდება მისი თავიდან ჩაწერა. თუკი დასრტყამისთვის სტუდიას ცალკე ოთახი არ გააჩნია, მაშინ ჩაწერისას შემდეგ ხერხს მიმართავენ: სტუდიას იკავებს მხოლოდ “დრამერი”, დანარჩენი მუსიკოსები კი საოპერატოროში ერთდებიან და მასთან ერთად ასრულებენ ნაწარმოებს. დასარტყამის ჩაწერის შემდეგ კი თავიდან წერენ სათითაოდ. ასეთ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია ნებისმიერი სახის კორექტირების გაკეთება, რომელიმე ადგილის თავიდან ჩაწერა და ა.შ.
მათ, ვისაც უყვარს სხვადასხვა სახის ეფექტ-პროცესორების გამოყენება, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეფექტის თანხლებით ჩაწერილი “ტრეკის” რედაქტირებას ვეღარ მოახერხებს. ანუ, შეუძლებელი იქნება ეფექტის მოხსნა, მისი თვისებების შეცვლა, დამატება ან გამოკლება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ ეფექტები გამოიყენონ AUX INSERT-ის საშუალებით, რათა მომავალში, დამუშავების დროს შესაძლებელი იყოს ამ ეფექების რეგულირება, შეცვლა ან საერთოდაც ამოღება.
ჩაწერის პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპია “ედიტინგი”, ან “მიქსინგი”. ანუ, ჩაწერილი მასალის დამუშავება. ალბათ ბევრს ექნება გაგებული ფრაზა – მონტაჟი ნახევარი კინოაო. დაახლოებით ასეთივე მნიშვნელობა შეიძლება მივანიჭოთ აუდიო “მიქსინგსაც”. კარგად დაკრული მუსიკა ძალიან იოლად შეიძლება გაფუჭდეს მიქსის დროს, ანდა, პირიქით, ცუდად დაკრული მუსიკა პროფესიონალმა შეიძლება ისე დამიქსოს, რომ ნაწარმოებმა შესანიშნავად გაიჟღეროს. რა თქმა უნდა, იდეალური შედეგი მიიღება როგორც კარგად დაკვრით, ასევე პროფესიონალური მიქსითაც.
ჩანაწერის საბოლოო ეტაპი მასტერინგია. ეს მეტად რთული პროცესია და განსაკუთრებულ თვისებებს საჭიროებს. ბევრს მიაჩნია, რომ მასტერინგის რეჟისორი ვალდებულია ჩაწერის დროს დაშვებული შეცომები ასწოროს. ეს ასე ნამდვილად არ არის. ოდესღაც, როდესაც არ ვიცოდი რას ნიშნავდა მასტერინგი, ჩემს უფროს კოლეგას შევეკითხე და ასეთი პასუხი გამცა – მასტერინგი ეს ათჯერ, ასჯერ და კიდევ უფრო მეტჯერად ერთი და იგივეს მოსმენააო. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე სიხშირის ერთი დეციბელით მომატებას ან დაკლებასაც შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, გამოჩნდეს ან საერთო მიქსში ჩაიკარგოს რომელიმე ინსტრუმენტი. მოხდეს ალბომის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხერხით ჩაწერილი ნაწარმოებებისთვის ერთიანი ჟღერადობის მინიჭება.
რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა ისეთი ჟანრების ჩაწერისას, როგორიცაა კლასიკური, საგუნდო თუ ფოლკლორული მუსიკა. ვისაც სურს საკუთარ სიმღერაში ორკესტრის ჩაწერა, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვეულებრივი, სტანდარტული, რიგითი სტუდია ამ საქმეს ვერ გასწვდება. ასევე აუცილებელია მუსიკის გაორკესტრება, რაც პროფესიონალი კომპოზიტორის საქმეა. ამგვარ ჩაწერას სრულიად განსხვავებული სპეციფიკა გააჩნია და ხმის რეჟისორებსაც საგანგებო ცოდნა უნდა გააჩნდეთ.
რაც შეეხება ჩაწერის პროცესს, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი მნიშვნელობა ჩასაწერ სივრცეს ენიჭება. ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი აკადემიური მუსიკის ჩასაწერად საჭირო დარბაზების შესახებ. კლასიკური თუ საგუნდო მუსიკის ჩაწერის სპეციფიკაც რადიკალურად განსხვავდება სხვა ჟანრების მუსიკის ჩაწერისგან. ის დამატებით ცოდნას და განსხვავებულ ტექნიკურ ბაზას საჭიროებს. ჩაწერა ხორციელდება პარტიტურის თანხლებით და, რა თქმა უნდა, ყველა შემსრულებელი ერთდროულად იწერება. ასეთი ჩაწერის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი დეტალების შეთანხმება, როგორებიცაა პარტიტურის იდენტურობა: დირიჟორსა და პროდიუსერს იდენტური ნოტი უნდა ჰქონდეთ. თუკი კონცერტის დროს დირიჟორია მთავარი მოქმედი პირი, ჩაწერის დროს ეს როლი პროდიუსერზე და ხმის რეჟისორზეც გადადის. აქაც მეტად მნიშვნელოვანია ორკესტრის თვითეული შემსრულებლის ოსტატობა და წინასწარი მომზადება, რადგან ოთხმოცკაციანი ორკესტრის ჩაწერისას ერთი ინსტრუმენტის შეცდომაც კი შესაძლოა ნაწარმოების მრავალჯერ განმეორების მიზეზი გახდეს.
თუკი გვსურს ჩვენს გარშემო ხარისხიანი მუსიკა ჟღერდეს, აუცილებელია როგორც მუსიკოსების, ასევე ხმის ჩამწერი სტუდიების პერსონალის პროფესიონალიზმი, მომზადების დონე და რაც ყველაზე მთავარია, შემოქმდებითი მიდგომა. არც შემსრულებელს და არც ხმის რეჟისორს არ უნდა ეშინოდეს ექსპერიმენტების. ჩანაწერის ხარისხი და წარმატება დამოკიდებულია არც ავტორზე, არც მუსიკოსზე და არც სტუდიაზე ცალ-ცალკე. ეს ერთობლივი პროცესია და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი წარმატებული ჩანაწერის მიღება.
დავით ხოსიტაშვილი
2016 წ.