საუბრები ხელოვნებაზე

საკონცერტო დარბაზების აკუსტიკას საინტერესო მომავალი აქვს

meyer-sound-walt_disney_concert_hall

ჩვენს საიტზე არაერთხელ გვისაუბრია საკონცერტო დარბაზებისა თუ ტაძრების აკუსტიკაზე. არაერთგზის აღგვიღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული დარბაზები არ გამოირჩევა კარგი აკუსტიკური მაჩვენებლებით. საბედნიეროდ, ტექნოლოგიური პროგრესი არ ჩერდება მსოფლიოში. მოწინავე მეცნიერები და კომპანიები უკვე დიდი ხანია მუშაობენ ამ მიმართულებით და გამოსავალსაც გვთავაზობენ.
გთავაზობთ ცნობილი ჟურნალის “შოუ მასტერის” ინტერვიუს კომპანია “Meyer Sound” ის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტთან ჯონ ფელოუსთან (John Pellowe)

დღევანდელ დღეს საკონცერტო დარბაზების პროექტირებისას ძირითადი ტენდენცია მრავალფუნქციონალური დარბაზების შექმნაა, რომელთა აკუსტიკური მონაცემები სხვადასხვა ჟანრისა და სტილის ღონისძიებების ჩატარების საშუალებას იძლევა. არსებული პრობლემის ტრადიციული, თუმცა კი უაღრესად ძვირიანი მეთოდით გადაჭრა ფუნდამენტური არქიტექტურული გადაწყვეტილებებია – მოძრავი კედლები, საორკესტრო ორმოები, საგანგებო აკუსტიკური კამერები და ა.შ.
თუმცა, მიუხედავად მაღალი საფასურისა, ამგვარი მიდგომა დარბაზის ადაპტაციის 100% იან შედეგს მაინც არ იძლევა. რეალურად ყველაზე მოწინავე და მოსახერხებელ გადაწყვეტილებად დღეისათვის ელექტრონული აკუსტიკის ტექნოლოგია ითვლება, რომლის დროსაც ციფრული ალგორითმების, მიკროფონებისა და აკუსტიკური სისტემების საშუალებით შესაძლებელია ფართის აკუსტიკური თვისებების ცვლა.
ამ სფეროს პიონერად დამსახურებულად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკული კომპანია “Meyer Sound”, რომელმაც ელექტრო-აკუსტიკური სისტემა “Constellation” შექმნა. დღეისათვის ისინი მთელი მსოფლიოს მაშტაბით წარმატებით ახლორციელებენ მის ინტეგრაციას. ჩვენ ვესაუბრეთ “Constellation” პროექტის დირექტორ ჯონ ფილოუს, აღნიშნული სისტემის ნიუანსებზე და სხვადასხვა სფეროებში მათი ინტეგრაციის პერსპექტივაზე.

“შოუ მასტერი” – ჯონ, მოგვიყევით თქენს შესახებ, პროფესიონალურ და შემოქმედებით გზაზე. როგორ მოხვდით მუსიკის სამყაროში? რომელ კომპანიებთან გიწევდათ თანამშრომლობა და რა დაგამახსოვრდათ მათთან ურთიერთობის დროს? როგორ აღმოჩნდით “Meyer Sound” ში?

ჯონ ფელოუ – 5 წელი შემისრულდა, როდესაც ჩემმა მშობლებმა კლასიკური მუსიკის სამყაროს მაზიარეს: ისინი სისტემატიურად მატარებდნენ საბავშვო კონცერტებზე ლონდონის სამეფო საფესტივალო დარბაზში. ვფიქრობ, სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ მსურდა ჩემი ცხოვრება სწორედ მუსიკალურ სფეროსთან დამეკავშირებინა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1974 წელს “Decca Record Company” ში მივიღე სამუშაო, სადაც პირველი 4 წელი კლასიკური მუსიკის ჩაწერის ხმის რეჟისორის სპეციალობით გავდიოდი სტაჟირებას.

მე ვთანამშრომლობდი ამ კომპანიასთან 22 წლის განმავლობაში – 1996 წლამდე და ამ ხნის განმავლობაში საუკეთესო აკუსტიკური მონაცემების მქონე ევროპისა და ამერიკის რჩეულ დარბაზებში საკმაოდ რაოდენობის ჩანაწერიც გავაკეთე. თუნდაც ისეთ დარბაზში, როგორიცაა ვენის ცნობილი “Musikvereinsaal”. უნდა ავნიშნო, რომ ჩვენ ხმას ჩვეულებრივ პირდაპირ სტერეო რეჟიმში ვიწერდით და არ ვიყენებდით მრავალარხიან ჩაწერას. ეს ერთგვარი საიდუმლოცაა, თუ როგორ ვახერხებდით საუკეთესო რეზულტატის მიღებას.

მიწევდა მუშაობა ისეთ სახელოვან არტისტებთან, როგორიცაა ლუჩიანო პავაროტი. ჯერ კიდევ 1985 წელს, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე დავტოვე “Decca Record Company”, პარალალურად დავიწყე მუშაობა გახმოვანების დირექტორად ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც პავაროტის საგასტროლო კონცერტებს ახლდა თან. მე მისი კონცერტების გახმოვანებაზე ვიყავი პასუხისმგებელი, რომლებიც სხვადასხვა არენებსა თუ ღია მოედნებზე იმართებოდა.

Appel Room, New York

FOH ის ხმის რეჟისორად და ინჟინრად ვმუშაობდი 2005 წლამდე, მანამდე, სანამ დიდმა მომღერალმა არ დატოვა სცენა. 20 წლის მუშაობის განმავლობაში მომეცა საშუალება ახლოს გავცნობოდი “Meyer Sound” ის აპარატურას, რადგან პავაროტი და “სამი ტენორი” თითქმის ყოველთვის სწორედ ამ სისტემას იყენებდნენ თავიანთ გასტროლებზე. მე კარგი ურთიერთობა დავამყარე როგორც “Meyer Sound” თან ასევე თავად ჯონ და ჰელენ მეიერებთან და 2006 წელს მათ გუნდს შევუერდი.

 

 

Nordea, კლაიპედის დრამის თეატრი, ASB Theatre ახალი ზელანდია, Peer Gynt Salen, Grieghallen

“შ.მ.” – “Meyer Sound” ში თქვენ მუშაობთ “Constellation” სისტემის განვითარებაზე. როგორია მისი შექმნის ისტორია?

ჯ.ფ. – აღნიშნული ტექნოლოგიის საბაზისო სისტემა ახალზელანდიელმა დოქტორანტმა მარკ პოლეტიმ შეიმუშავა. მისის სადოქტორო დისერტაციის ერთ-ერთ თავში, მან ფართის ცვალებადი აკუსტიკის (Variable Room Acoustic System ანუ VRAS) სისტემა აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ ეს 1994 წელს მოხდა და მას შემდეგ ამ მიმართულებამ დიდი განვითარება განიცადა, “Constellation” ტექნოლოგია, როგორც თავდაპირველად, სწორედ VRAS სისტემაზეა დაფუძნებული.
მის გამოჩენას ბაზარზე კანადურ კომპანიას LSC – ს უნდა ვუმადლოდეთ. 2006 წელს “Meyer Sound” – მა შეიძინა კომპანია LSC და ამის შემდეგ “Constellation”- მა საფუძვლიანი სახეცვლილება განიცადა, რაც მის სრულფასოვან ტექნიკურ კომპლეატაციად გადაქცევას გულისხმობს. ამას ემატება დიზაინერთა და ხმის კალიბრაციის სპეციალისტთა მომსახურება.

მე შევუერთდი გუნდს მისი ფორმირების პროცეში, 2006 წელს, და ვიღებდი მონაწილეობას სისტემის შემუშავებაში, რათა ის გამხდარიყო ის ინსტრუმენტი, რომელიც სიხარულს მიანიჭებდა როგორც მუსიკოსებს, ასევე აუდიტორიას მისი შესანიშნავი ჟღერადობით და საოცრად მოსახერხებელი ჩართვა-მორგების პროცედურით. ამ კუთხით ჩვენს გუნდს გამოადგა ჩემი პროფესიონალურ გამოცდილება კლასიკურ მუსიკაში და მის ჩაწერაში.

დღეისათვის ჩვენი გუნდი შედგება 8 ექსპერტისგან, რომელთაგანაც 4 მათგანი კვალიფიცირებული აკუსტიკოსია. ამ წუთისათვის ექპულატაციაში უკვე ასამდე სისტემაა და ყოველი მათგანი საკმაოდ დადებით გამოხმაურებას პოულობს მომხმარებლებში.

“შ.მ.” – რა პრინციპებს ეფუძნება “Constellation” სისტემა?

ჯ.ფ. – თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ “Constellation” – ის არსი არ მდგომარეობს ხმის გაძლიერებაში. სისტემა აკუსტიკური დეფექტების გამოსწორების საშუალებას იძლევა. ის ქმნის დარბაზის სხვაგვარ, ფიზიკურისგან განსხვავებულ, გეომეტრიას. სისტემა სრულიად დამოუკიდებელია ჩვეული AB აღჭურვილობისგან და შინაარსობრივად წარმოადგენს არა ხმის გაძლიერების ერთ-ერთ კომპონენტს, არამედ დარბაზის ნაწილს.

“Constellation” ორი შემადგენელი ნაწილისგან შედგება. პირველია ხმის შთანთქმის კოეფიციენტის მოკლება. მიკროფონების მეშვეობით სისტემა “იჭერს” ბუნებრივი რევერბირაციის ენერგიას და VRAS ალგორითმში გატარების შემდეგ მრავალარხიანი ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით აბრუნებს იგივე გარემოში.

მეორე შემადგენელი ნაწილი – დარბაზის ფართობის მაშტაბის მომატებაა. რევერბირაციის პროცესორები იღებენ დარაბაზის სიგნალს და VRAS ალგორითმისკენ მიმართავენ, სადაც ხდება სიგნალის დამუშავება და იქმნება დიფუზიური რევერბირაცია ან ადრეული არეკვლის ეფექტი.

ამ ორი პროცესორის კომბინაცია “პრესეტების” შეუზღუდავი რაოდენობით შექმნის საშუალებას იძლევა. ყოველი მათგანი რევერბირაციის კონკრეტულ ალგორითმს შეიცავს, რომელიც დარბაზის ამა თუ იმ ჟანრისა თუ სტილის ადაპტაციას განაპირობებს. სისტემის მართვა ან ხმის რეჟისორის პულტზე არსებული “Meryer Sound MS-LEMUR” პანელის მეშვეობით ხდება ან სერვერთან დაკავშირებული პორტატული კომპიუტერისა თუ სხვა მობილური ხელსაწყოს მეშვეობით.

“შ.მ.” – რომელია სისტემის ძირითადი შემადგენელი ელემენტები? როგორ ხდება აკუსტიკის კორექტირება?

ჯ.ფ. – სისტემა “Meyer Sound” მიკროფონებით, ციფრული დამუშავების სისტემით “D-Mitry” და აკუსტიკური დინამიკებითაა დაკომპლექტებული. აპარატურა მონტაჟდება სცენისა და აუდიტორიისთვის განკუთვნილი ფართობის განსაზღვრულ წერტილებში. მიკროფონების განთავსება უნდა მოხდეს შემსრულებლებთან რაც შეიძლება ახლოს (ჩვეულებრივ დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით), რათა ხმოვანი სიგნალის პირდაპირი “ენერგიის” მიღება მოხდეს.

დარბაზში განთავსებულ მიკროფონებს სრულიად სხვა ფუნქცია აკისრიათ – ისინი შემსრულებლებისგან საკმაოდ შორს არიან განთავსებულნი და მხოლოდ არეკლილ ხმას “იჭერენ”. მიკროფონების მიერ მიღებული ხმა მიეწოდება ციფრული დამუშავების პროცესორს D-VRAS და D-Mitry, არაკორელირებული ადრეული არეკვლის ფორმით, ხოლო შემდგომ უბრუნდება დარბაზს აკუსტიკური დინამიკების მეშვეობით.

სუსტემის სრულფასოვანი მუშაობის პროცესისას მყარდება აკუსტიკური უკუკავშირი, რომელიც ეფექტურად ახდენს საკონცერტო დარბაზის დეტალების ზედაპირის მიერ ხმის შთანთქვის კომპენსაციას. ეს კი რევერბირაციის დროის მომატებას უწყობს ხელს. და ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. VRAS პროცესორის მეშვეობით ჩვენ საგრძნობლად შეგვიძლია რევერბირაციის მომატება და ამით გვეძლევა საშუალება თავად “ავაგოთ” საკუთარი ვირტუალური დარბაზი უკვე არსებულ რეალურ სივრცეში, დავუმატოთ რა ხმას სიღრმე და ჟღერადობის სისუფთავე.

გარდა ამისა, მიკროფონების საშუალებით ჩვენ “ვხსნით” სცენის თავზე არსებულ ხმის ადრეულ არეკვლილ ტალღებს, ვანაწილებთ მუსიკოსებისა და აუდიტორიისთვის დარბაზის მთელ პერიმეტრზე, რომლის პარალელურადაც სუსტდება სიგნალი და იზრდება დაყოვნების ეფექტი. ზემოდხსენებული ადრეულად არეკლილი ხმა ჟღერადობის სიზუსტის განმაპირობებელია. ის ასევე მნიშვნელოვანია როგორც შემსრულებელთა შორის, ასევე აუდიტორიისა მუსიკოსების ურთიერთკავშირისთვის, რათა კარგად გაიგონონ ყოველი ბგერა.

“შ.მ.” – მოგვიყევით უფრო დეტალურად სისტემის მთავარი ბირთვის (ალგორითმის, პროგრამული შიგთავსის და “ინტერფეისის”) შესახებ. რა სახით ხდება დარბაზის სივრცის ვირტუალური გაზომვა?

ჯ.ფ. – ჩვენი მრავალი ალგორითმი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ VRAS – ის 16 არხიანი პროცესორი, რომელიც სისტემის ბირთვს წარმოადგენს – დროითი ინვარიანტული და უნიტარული რევერბირაციებია, რომლებსაც ძალუძთ გაზარდონ დარბაზში არსებული ბუნებრივი რევერბირაცია 0.4 დან 4 წამამდე ან უფრო მეტადაც.

როგორც წესი, ჩვენ ვამონტაჟებთ 16 მიკროფონს და 30 დინამიკს ყოველ აკუსტიკურ ზონაში. გაითვალისწინეთ, რომ დიდ დარბაზში ამგვარი აკუსტიკური ზონა შესაძლოა იყოს 5 ან მეტიც. შედარებით მცირე ზომის ფართს 16 მიკროფონი და 30 დინამიკიც ყოფნის.

“Constellation” სისტემა “Cue Station” პროგრამით იმართება. ის მთელი მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა სახის თეატრალური წარმოდგენების ჩასატარებლადაც გამოიყენება. მთლიანობაში, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა პროგრამა და აპარატი (გარდა მიკროფონებისა) ჩვენი კომპანიის მიერაა შექმნილი.

“Constellation” სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა და D-Mitry პლატფორმა დარბაზის ვირტუალური სიმაღლისა და სიგანის გამოთვლის საშუალებას იძლევა; მიიღწევა “ნათელი” და “თბილი” ჟღერადობა; ხმის სიმკვეთრე (С80); ხმის ადრეული ჩაქრობის ეფექტი (EDT) და რევერბირაცია (RT); ასევე ჟღერადობის სიმსუყე და ადრეული არეკლილი ტალღების თანაბარი გადანაწილება (ER).

“შ.მ.” – “Constellation” მსოფლიოს მრავალ მოწინავე საკონცერტო დარბაზებშია დამონტაჟებული. ყოველი მათგანისთვის სპეციალურად მორგებული სისტემის კონფიგურაციის შემუშავება ხდება. რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი სისტემის პროექტირებისას? როგორი ტიპის დარბაზებშია შესაძლებელი მსგავსი სისტემის დამონტაჟება?

ჯ.ფ. – “Constellation” მასშტაბირებადი სისტემაა. ის თეატრალური, საკონცერტო თუ სხვა სახის დარბაზების ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა, მიუხედავად მათი სიდიდისა თუ კონფიგურაციისა. ყველაზე უკეთ ის ესადაგება ისეთ ფართებს, სადაც რევერბირაციის ინტერვალი 0.5 წმ – დან 1,2 წამამდე მერყეობს. შედარებით მცირე რევერბირაციული ინტერვალი კარგად ესადაგება რეჩიტატიული სტილის დარბაზებს, როკ-მუსიკასა თუ მუსიკალურ თეატრს, როდესაც ხმის სიმკვეთრის მიღება ხდება.

სხვა მხრივ, კლასიკური მუსიკა შედარებით დიდ რევერბირაციის დროს მოითხოვს – 2.5 წ-მდე. საგუნდო მუსიკისთვის კი კიდევ უფრო მეტსაც. “Constellation” -ს იდეალური აკუსტიკით ნებისმიერი საკონცერტო ფართის უზრუნველყოფა, პულტზე (Creston ან AMX) ერთი თითის დაჭერით შეუძლია.

როგორც თქვენ შეამჩნიეთ, ყოველი კონკრეტული ფართისთვის საგანგებო სისტემის შემუშავება ხდება. ჩვენ, პირველ რიგში, დარბაზის საერთო ფართობს ვითვალისწინებთ. შედარებით მცირე ზომის დარბაზებში ნაკლები აპარატურაა საჭირო, ნაკლები დინამიკები. დიდი ზომის დარბაზებში მეტი სიმძლავრეა ხოლმე საჭირო. ჩვენ შემუშავებული გვაქვს გამოთვლის უზუსტესი სქემები, რომელიც “Constellation” სისტემის იდეალურად მუშაობის გარანტიას ნებისმიერ სიდიდის დარბაზში იძლევა.

გარდა ამისა, ხდება დამკვეთის კონკრეტული არქიტექტურული დიზაინის ნიუანსების გათვალისწინება. მაგალითად, რიგ შემთხვევებში, აპარატურის დამონტაჟება აუცილებელია მაქსიმალურად უხილავად. ასეთ დროს ჩვენ ვმალავთ დინამიკებს კედლის პროფილებში და ვფარავთ ისეთი მატერიით, რომელიც არ მოქმედებს აკუსტიკურ მახასიათებლებზე.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართმევთ სამუშაოს ტრადიციული დარგის აკუსტიკის სპეციალისტებს. ყოველი პროექტი მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება. პროექტის მსვლელობისას ასევე ვიწვევთ არქიტექტორებს, მონტაჟის სპეციალისტებს, დარბაზების მფლობელებს, ოპერატორებს და ა.შ. მხოლოდ ამგვარი შეთანხმებული მუშაობის შედეგად არის შესაძლებელი მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს კლიენტის მოთხოვნებს და შემსრულებლებსა და აუდიტორიას მისცემს საშუალებას ისიამოვნონ იდეალური ჟღერადობით.

არსებული ტექნოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა გადაეწყოს დამკვეთის ახალი მოთხოვნების შესაბამისად. უფრო ზუსტად კი, ამგვარი სახის გადაწყობა წინაწარაა ჩადებული ჩვენს სამუშაო ალგორითმში. პირველადი “გახმოვანების” პარამეტრებით ჩვენ ვტოვებთ სისტემას რამდენიმე თვით ან წლითაც კი, რის შემდეგაც ვახდენთ პარამეტრების განმეორებად კალიბრაციას, ვითვალისწინებთ რა პუბლიკისა და შემსრულებლების გამოხმაურებებს. გარდა ამისა, ვახდენთ იმ პარამეტრების ინტეგრაციას, რომლებსაც ვიღებთ მსოფლიოს სხვა დარბაზებში არსებული “Constellation” სისტემის ექსპულატაციის საფუძველზე, რასაც ემატება ჩვენი მეცნიერების მიერ რეგულარულად ჩატარებული კვლევების შედეგები.

შ.მ. – მოდით “Constellation” ის იმ სისტემაზე ვისაუბროთ, რომელიც რუსეთშია დამონტაჟებული. მისი მოსმენა ერთადერთ ეგზემპლარად “მოსკოვის საერთაშორისო მუსიკის სახლშია” შესაძლებელი. იყო თუ არა რამე სახის პრობლემები პროექტირებისა და მონტაჟის პრცესში “სვეტლანოვსკის მუსიკალურ დარბაზში”?

ჯ.ფ. – “სვეტლანოვსკის” დარბაზთან დაკავშირებით სიტუაცუია საკმაოდ არაორდინალური იყო. მისი გახსნის მომენტიდან აშკარად იჩინა თავი აკუსტიკურმა პრობლემებმა. მუსიკოსებიცა და აუდიტორიაც აღნიშნავდნენ ხმის გავრცელების პრობლემას სცენისა და პარტერის მიმართულებით.
ორღანის დამონტაჟების შემდგომ კი (რომელიც ყველაზე დიდია რუსეთში), აღმოჩნდა, რომ მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებება ვერ მოხერხდებოდა არსებულ აკუსტიკურ პირობებში. სცენიდან წამოსული ენერგია უბრალოდ დაიკარგა – ნაცვლად იმისა, რომ კედლებს აერეკლა ხმა და ქვევით აუდიტორიისკენ მიემართა, ხმას ზევით უშვებდა. რევერბირაციის დრო შეადგენდა 1.8 წამს, მაშინ როცა ადრეული არეკვლის ეფექტი საერთოდ არ არსებობდა.

“Constellation” სისტემის დამონტაჟება “მუსიკის სახლში” ვლადიმერ სპივაკოვის რეკომენდაციით მოხდა. თავის დროზე მაესტრომ ღირსეული შეფასება მისცა ჩვენს სისტემას, როდესაც ტალინის დარბაზ “Nordea” – ში იდირიჟორა. ცხადია, ჩვენ დიდი სიხარულით მოვეკიდეთა ამ საქმეს.

“სვეტლანოვსკის” დარბაზის პროექტირებისას ყველაზე რთული ამოცანა აპარატურის სცანაზე დამონტაჟება იყო. აქ საერთო განწყობას ორღანი ქმნიდა და აპარატურას არ უნდა შეეშალა ამისთვის ხელი. დარბაზის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა 8 ცალი “Stella” – ს სისტემის დინამიკის დაკიდება მოძრავ შეკიდულ, რუსული წარმოების “ჰელლა”ს სამაგრებზე.

როდესაც აპარატურა არ გამოიყენება, შესაძლებელია მათი ავტომატურად დამალვა საგანგებოდ შემქნილ სამალავში ინტეგრირებული ელექტროძრავის მეშვეობით, რომელთა მართვაც ინტეგრირებულია “Constellation” სისტემაში. მსგავსი აპარატურის მონტაჟი ხშირად გამოყენებად საკონცერტო დარბაზში არ არის იოლი საქმე. მაგრამ ჩვენმა მოსკოველმა პარტნიორებმა კომპანიიდან “Digital Sound Systems” (DSS), შესანიშნავად გაართვეს თავი ამ საქმეს, მითითებულ დროში.

პროქტის სრულად რეალიზებამ დაახლოებით 6 თვეს გასტანა – 2012 წლის ივნისიდან ნოემბრამდე. აპარატურის ძირითადი დეტალების დამონტაჟება საზაფხულო შესვენების დროს მოხდა, საკონცერტო სეზონებს შორის. საპროცესორო ნაწილი (DSP, საკომუტაციო პანელი და დამხმარე აპარატურა) მოთავსებულია ორ სხვადასხვა კარადაში, რომელთაგანაც ერთი დამონტაჟებულია ჭერში, ხოლო მეორე, რომელიც დაკავშირებულია მიკროფონებთან და გამძლიერებლებთან, აივანზეა მოთავსებული, კერძოდ კი ხმის ჩამწერ სტუდიაში, დარბაზის საპირისპირო მხარეს.

სისტემაში ორი განსხვავებული ქსელია გამოყენებული: ძირითადი სამართავი მოდულის საკონტროლო ქსელი და ხმის გადასაცემი AVB სისტემა, რომლის მეშვეობითად დაკავშირებულია შემავალი და გამომავალი საკონტროლო ბლოკები. დარბაზში დამონტაჟებულია 48 მიკროფონი – 32 დარბაზის ძირითად ნაწილში, ხოლო 16 სცენის თავზე. სისტემის მეხსიერებაში დამახსოვრებულია 12 “პრესეტი” – Organ, Long symphony, Short Symphony, Choral Music, Chamber Music, Amplified Rock და ა.შ.

“სვეტლანოვსკის დარბაზი”

აღნიშნული სისტემის წყალობით მივიღეთ რევერბირაციის ნორმალური მაჩვენებელი და დავამატეთ ადრეული არეკვლის ეფექტი. მივიღეთ სუფთა ჟღერადობა, რამაც მუსიკოსებისთვის გაცილებით კომფორტული სამუშაო გარემო შექმნა. გარდა ამისა, ჩვენ ამოვავსეთ დარბაზში დაბალი სიხშირის ნაკლოვანება და გაცილებით სავსე ჟღერადობა მივიღეთ. აგრეთვე დაიფარა აქამდე არსებული “მკვდარი” ზონები აივნების ქვედა მხარეს. სისტემის ამოქმედებისთანავე მუსიკოსებმა აღნიშნეს დარბაზის აკუსტიკის საგრძნობი გაუმჯობესება.

“შ.მ.” – მოდით საკონცერტო აკუსტიკის უახლესი მომავლის შესახებ ვისაუბროთ. რა სახის ტენდენციები შეგიძლიათ გამოყოთ? არის თუ არა მოსალოდნელი ელექტროაკუსტიკური სისტემების მასიურად გავრცელება? თუკი ეს ასეა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საკონცერტო დარბაზების მშენებლობის სტადიაში აკუსტიკური მაჩვენებლების არქიტექტურული დაგეგმარება მალე წარსულს ჩაბარდება? თქვენი აზრით, რა მიმართულებით განვითარდება ტექნლოგიები მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში?

ჯ.ფ. – რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, არის ის, რომ ფიზიკურ აკუსტიკაზე აქვენტირებული საკონცერტო დარბაზების აგება კვლავაც გაგრძელდება მომავალში და ეს ძალიან კარგია, რადგან მრავალი მათგანი ჩვენთვის დღემდე ეტალონად ითვლება. ამავე დროს, მსოფლიოში მილიონობით დარბაზია, რომლებსაც არ გააჩინიათ საკმარისი სივრცე და აკუსტიკური პირობები. ჩვენ სიამოვნებით ვესტუმრებით ასეთ დარბაზებს და დავეხმარებით ჟღერადობის ხარისხის გამოსწორებაში. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური აკუსტიკური სისტემებზე მოთხოვნა დღითიდღე მატულობს, მაღალპროფესიონალ არქიტექტორებზე, მემონტაჟეებზე და აკუსტიკის სპეციალისტებზე მოთხოვნა არ გაქრება. ისინი აუცილებლად გააგრძელებენ დარბაზების ფიზიკურ აკუსტიკაზე მუშაობას. უფრო მეტიც, ამგვარი სპეციალისტების საჭიროება ყოველთვის იქნება “Constellation” სისტემის მონტაჟისას. ზოგადად მიმაჩნია, რომ დღეისათვის ჩვენს საქმიანობაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მდგომარეობა ასე უცებ, ერთ დღეში არ შეიცვლება. ყველა ჩამოთვლილი პროფესია საჭირო იქნება მიუხედავად იმისა, თუ რა მიმართულებით განვითარდება დარბაზების აკუსტიკური მოწყობის საკითხი.

ამასთან ერთად, ადაპტაციური აკუსტიკისადმი ბიზნეს პერსპექტივა საკმაოდ ნათელია. მეტად მიმზიდველია, როდესაც თეატრალური, კლასიკური, როკ, ჯაზ კონცერტები და სხვა სახის ღონისძიებები მაღალი ხარისხის აკუსტიკური პირობებით შესაძლებელი იქნება გაიმართოს ერთსა და იმავე დარბაზში. ეს იძლევა საშუალებას საკონცერტო დარბაზებს მრავალმიზნობრივი დანიშნულება მიეცეს, შესაბამისად მისი მოთხოვნილება ბაზარზე ყოველთვის იარსებებს.

და ბოლოს, ჩვენი მომსახურების სფერო დღითიდღე ფართოვდება. ტექნოლოგია “Constellation” უკვე საკმაოდ ხშირად გამოიყენება საოფისე ფართებში, რესტორნებსა თუ საკონფერენციო დარბაზებში. უსაზღვროა მათი შესაძლებლობები და, დარწმუნებული ვარ, უახლოეს ათწლეულში ელექტროაკუსტიკურ არქიტექტურაზე მოთხოვნა გაცილებით ფართოდ გავრცელდება და მეტ აღიარებას მოიპოვებს.

ასე რომ, საკონცერტო აკუსტიკასა და აკუსტიკურ სისტემებს საკმაოდ საინტერესო მომავალი აქვთ.

“Constellation” სისტემისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებას “Meyer Sound” ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი www.meyersound.com

თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

შესაძლოა დაგაინტერესოს